სახლახო დამცველის აპარატის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლინიკა ვივამედში ერთ-ერთი პატიმარი მძიმე დაზიანებებით მოათავსეს და სახალხო დამცველის რწმუნებული პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით, კლინიკაში იმყოფებოდა.
“საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, სახალხო დამცველის რწმუნებული ასევე, იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული 23 იანვარს კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, უშუალოდ ვივამედში მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. აპარატის მიერ შეკრებილი ინფორმაციიდან დეტალების გასაჯაროებისგან თავს ვიკავებთ, ერთი მხრივ განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების დაცვის, მეორე მხრივ კი მიმდინარე გამოძიებაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით”, – წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობით, მათთვის ცნობილია, რომ პატიმრის დაზიანებების წარმოშობის მიზეზების დადგენის მიზნით გამოძიება დაიწყო.
“სახალხო დამცველი მოუწოდებს გამოძიებას, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ფაქტის გამოძიება და პატიმრის დაზიანებების წარმოშობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზების დადგენა. გარდა ამისა, როგორც აპარატისთვის არის ცნობილი, პატიმრის ოჯახის წევრები მიუთითებენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მათ ინფორმაცია მომხდარის შესახებ არსებითი დაგვიანებით მიაწოდა. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის მოცემულ საკითხსაც. სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. აპარატი გააგრძელებს მისი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას”, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.