გლდანის ციხესთან მივიდნენ დღეს ნაცემი პატიმრის, 45 წლის იოსებ გორგაძის ახლობლები და ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვდნენ.
პატიმარი იოსებ გორგაძე დაახლოებით ერთი კვირის წინ, 23 იანვარს გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“. ოჯახმა ამის შესახებ დაგვიანებით, გორგაძის თანამესაკნისგან შეიტყო.
კლინიკაში დღეს იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც და, როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, პატიმრის მონახულება ვერ შეძლეს.
სახალხო დამცველის განცხადებიდან ირკვევა, რომ ციხეში მომხდარზე და პატიმრის დაზიანებების წარმოშობის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
„როგორც აპარატისთვის არის ცნობილი, პატიმრის ოჯახის წევრები მიუთითებენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მათ ინფორმაცია მომხდარის შესახებ არსებითი დაგვიანებით მიაწოდა. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის მოცემულ საკითხსაც“, — წერს სახალხო დამცველი.
დღეს ციხესთან შეკრებილი პატიმრის ახლობლები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ პატიმრის დაზიანებებში ციხის თანამშრომელთა ხელი ურევია.
პატიმრის მდგომარეობაზე დეტალურ ინფორმაციას არ ასაჯაროებს ზურაბ ჩხაიძე, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, და აღნიშნავს, რომ ყველა შესაბამისი ინფორმაცია მიწოდებული აქვს პენიტენციურ დაწესებულებას, თუმცა ადასტურებს, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და „სამკურნალო ძილში“ იმყოფება განუსაზღვრელი დროით.
ნეტგაზეთი ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს როგორც პენიტენციურ დაწესებულებასთან, ისე შსს-სთან. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
