„სახელმწიფომ ყველა ხერხს უნდა მიმართოს, რომ გააძლიეროს ის მცირე, თუ დიდი მარნები, რომლებსაც ქართული ღვინის ბაზრის ოკუპანტი სახელმწიფოსგან თანმიმდევრული გათავისუფლებისა და დივერსიფიკაციის ყველანაირი პერსპექტივა აქვს“, – ამის შესახებ „ღვინის კომუნის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ღვინის კომუნა“, რომლის მიზანია ხმამაღლა გააჟღეროს ღვინის თემის წარმომადგენელთა საპროტესტო ხმა, ვრცელი განცხადებით პასუხობს დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის თანახმად, თითქოს ქართული ღვინის ერთადერთი და უალტერნატივო ბაზარი რუსეთია.
„ახმეტის ღვინის მარანი“, „ფაფრის ველი“, „მადამ ვაინი“, „ლოლაძეების საოჯახო მარანი“, „ბაბანეურის მარანი“, „იაგოს ღვინო“ – ეს იმ მარნების და კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც „ღვინის კომუნა“ აერთიანებს და როგორც განცხადებაში წერია, საქართველოს მცირე მარნების საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია. „თითოეული მათგანი ცდილობს შეზღუდული რაოდენობით შეღწევას ამა თუ იმ ქვეყანაში და გაყიდვების ეტაპობრივ განვითარებას“, – აცხადებენ ღვინის კომუნის წევრები და სახელმწიფოს თანმიმდევრული მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
„ქართული ღვინის კომუნის“ განცხადებას, რომელსაც 50 მარანი უერთდება, BMG უცვლელად გთავაზობთ:
„ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა დეზინფორმაციული კამპანია, თითქოს ქართული ღვინის ერთადერთი და უალტერნატივო ბაზარი რუსეთია, რადგან ის არანაირ ღირებულებას არ ქმნის მსოფლიოს სხვადასხვა, მათ შორის, ევროპული ქვეყნებისთვის. ამ სკეპტიციზმს თავიანთი განცხადებებით იმთავითვე აღვივებდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და დღეს ამასვე იმეორებს დეზინფორმაციული მედიის მფლობელი [იგულისხმება „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე]. ქართული ღვინის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება, როგორც ჩანს, შეგნებულად ვრცელდება სოციალური მედიის ყალბი ანგარიშებიდანაც.
შეგნებული დეზინფორმაცია, თითქოს ქართული ღვინო უხარისხო და უპერსპექტივოა, არც დაიმსახურებდა ჩვენს გამოხმაურებას, თუმცა ვთვლით, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არ არის ცნობილი იმ მნიშვნელოვანი აღიარების შესახებ, რაც ბოლო დროს ჩვენმა მარნებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოიპოვეს. განსაკუთრებით ვითვალისწინებთ ჩვენს მოქალაქეებს ემიგრაციაში, ვინც დიდი სიხარულით ხვდება ქართული ღვინის ყოველ მორიგ წარმატებას ქვეყნის საზღვრებს გარეთ და გამორჩეულად ეამაყება ეს. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვესწავლა და წარმოგვედგინა ინფორმაცია ქართული ღვინის მსოფლიო აღიარებასთან დაკავშირებით, რასაც ეტაპობრივად გაგიზიარებთ. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას, თუ რომელ ქვეყნებში ყიდიან ღვინოს საქართველოს მცირე / საოჯახო მეღვინეობები.
გთავაზობთ საქართველოს მხოლოდ 50 მცირე მარნის საექსპორტო პროფილებს. მათი წარმადობა განსხვავებულია. ყველაზე მცირემასშტაბიანები (1000-1500 ბოთლი), ერთ (აშშ), ან მეტ ქვეყანაში ახერხებენ ექსპორტს. ის მარნები კი, რომლებიც ევროპული მცირე მეღვინეობის წარმადობას (30-50 000 ბოთლი) უტოლდებიან 15-დან 30-მდე ქვეყანაში არიან წარმოდგენილები. მათი ღვინის საექსპორტო ფასი 7-15$-ია, მაღაზიის თაროზე – 20-35$, ხოლო რესტორნებში – მინიმუმ 50-60$-ია.
საქართველოს მცირე მარნების საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია. თითოეული მათგანი ცდილობს შეზღუდული რაოდენობით შეღწევას ამა თუ იმ ქვეყანაში და გაყიდვების ეტაპობრივ განვითარებას. მათ სახელმწიფოს თანმიმდევრული მხარდაჭერა სჭირდებათ ერთი მხრივ, წარმოების, მეორე მხრივ კი – შემოსავლების გაზრდაში. ჯერჯერობით, მარნების ნაწილი ამას საკუთარი მწირი რესურსებით ახერხებს, რაც დიდ ძალისხმევასთან და რისკებთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით დღეს, არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობის გამო ეს მეღვინეობები ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგებიან.
მცირე მარნების მიერ წარმოებული ბიო / ორგანული და ნატურალური ქვევრის ღვინოები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს აშშ-ში, კანადაში, ევროპისა და აზიის იმ ქვეყნებში, რომლებიც ღვინის მოხმარების კულტურით გამოირჩევიან. ეს შესაძლებლობა ქართულ ღვინოს მოუტანა სამეცნიერო კვლევების შედეგად საქართველოს ღვინის სამშობლოდ აღიარებამ და UNESCO-ს მიერ ქვევრის ღვინის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ცნობამ. ასევე, აშშ-ს, ევროპისა და აზიის ცალკეული ორგანიზაციების მწერლების, იმპორტიორებისა და სომელიეების ძალისხმევამ.
ექსპერტები მსოფლიოდან მუდამ აღნიშნავენ, რომ საქართველოს მეღვინეობის ძლიერი მხარე სწორედ ნიშური, მაღალ სეგმენტზე გათვლილი ღვინოა, რომელიც ამ მშვენიერი და მრავალფეროვანი ქვეყნის მევენახეობის საუკეთესო ზონებსა და ზვრებს, მის თვითმყოფად ნიადაგებს, კლიმატსა და რელიეფს წარმოაჩენს. მსოფლიოს გავლენიანი და სპეციალიზებული (ღვინის) მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოხვედრილა ღვინო, რომლის მიღმაც ქვეყნისა და ადამიანების ისტორიები, ვაზის სიყვარული და მოწიწება დგას; ღვინო, რომელიც საქართველოს მთისა და ბარის სოფლების პატარა ვენახებიდან, საოჯახო მარნებშია დაწურული; ღვინო, რომელიც ადამიანურ ისტორიებზე, წინაპრების მიერ დარგული ქვევრების გაცოცხლებაზე, ქალაქიდან სოფლად დაბრუნებული ადამიანების ამბებზე გვიამბობს. ეს არის ის, რითაც ქართულ ღვინოს ეცნობა მსოფლიო. ამ ისტორიების გმირებს უნდა ედგას მხარში სახელმწიფო, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო, მარკეტინგული თუ ფინანსური პროგრამებით, სანაცვლოდ კი ვიღებთ რეალობას, როცა პარტია გამუდმებით ცდილობს, დააკნინოს დამოუკიდებელი მარნების მიღწევები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი მარნების მიმართ საბიუჯეტო დახმარება მინიმალურია იმ მასშტაბურ სუბსიდიებთან და მარკეტინგულ პროგრამებთან შედარებით, რასაც სახელმწიფო რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულ ინდუსტრიულ მეღვინეობებს სთავაზობს.
ცხადია, საინტერესო იქნება ამ საკითხის უფრო ღრმა, სოციოლოგიური თუ საბაზრო კვლევა, რისი რესურსიც ჩვენ არ გვაქვს – თუმცა სურათი, რომელსაც გთავაზობთ, მცირე მარნების წარმატების საუკეთესო რეპრეზენტაციაა. ამ სურათის მიღმა დგას მეღვინეობის დარგისა და ქვეყნისთვის ბევრი პრინციპულად მნიშვნელოვანი გარემოება:
✅დაფუძნდა არაერთი მცირე და საოჯახო მეღვინეობა. ადამიანები, ვინც წინაპრების საქმეს თაობებს უნახავდნენ, წელში გაიმართნენ და ეკონომიკურად გაძლიერდნენ;
✅გაშენდა ახალი ვენახები;
✅გაიზარდა მოთხოვნა სანერგე მეურნეობებზე. განსაკუთრებით ვაზის იშვიათი ჯიშების ნერგებზე;
✅დასაქმდნენ ადამიანები;
✅გაიხსნა ღვინის ნიშური ბარები და რესტორნები;
✅სოფლად მცხოვრებელ მევენახეებს გაუჩნდათ დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო და ადამიანები დაუბრუნდნენ სოფლებს;
✅განვითარდა ღვინის ტურიზმი, რის შედეგადაც რეგიონებში შემოსავლის დამატებითი წყარო გაჩნდა;
✅ადგილობრივი ჯიშებისგან დაყენებულმა, ქართულმა, მათ შორის, ქვევრის ღვინომ თავი გააცნო ღვინის მოხმარების კულტურით გამორჩეულ ქვეყნებს. არაერთი ტიტულოვანი სასტუმროს (Ritz), რესტორნისა (NOMA), თუ ცნობილი ბარის ღვინის ბარათში დაიმკვიდრა ადგილი მცირე მარნებში დაწურულმა ქართულმა ღვინომ;
ეს არის გზა, რომელსაც ქართული ღვინო დღეს გადის ერთ, არასტაბილურ ბაზარზე დამოკიდებულების შესამცირებლად. და თუ ამ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყანაში გაყიდვის მასშტაბები რაოდენობრივად შედარებით მოკრძალებულია, სახელმწიფომ ყველა ხერხს უნდა მიმართოს, რომ გააძლიეროს ის მცირე, თუ დიდი მარნები, რომლებსაც ქართული ღვინის ბაზრის ოკუპანტი სახელმწიფოსგან თანმიმდევრული გათავისუფლებისა და დივერსიფიკაციის ყველანაირი პერსპექტივა აქვს. ხელისუფლების უზურპაცია, ნეპოტიზმი, პოლიტიკური პოლარიზაცია და დასავლელ მეგობრებთან ურთიერთობების მიზანმიმართული ნგრევა სწორედ ის სავალალო ფაქტორებია, რაც, სხვებთან ერთად, მარნებსაც სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის.
საქართველო ევროპის ნაწილი იყო, არის და იქნება თავისი თვითმყოფადობით, უნიკალურობითა და მრავალფეროვნებით, ამიტომ როგორც ქართული ღვინო, აგერ უკვე 15-20 წელია, ბუნებრივად დაუბრუნდა ევროპულ ოჯახს, მთლიანად საქართველოც სწორედ ასე დაიბრუნებს საკუთარ ადგილს თავისუფალ სამყაროში”, – ნათქვამია განცხადებაში.
