სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი არ გამორიცხავს, რომ აპრილში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.
ამის შესახებ ვუჩიჩმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ანტისამთავრობო აქციების ფონზე სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა.
პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ სერბეთის ოპოზიციამ დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება მოითხოვა. თუმცა ვუჩიჩის თქმით, დროებითი მთავრობის შექმნა გამორიცხულია.
28 იანვარს ვუჩიჩმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ მის პარტიას 10 დღე დასჭირდება გადასაწყვეტად, შექმნას უმრავლესობის მთავრობა თუ ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
„ახალი არჩევნები შესაძლოა აპრილში ჩატარდეს“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
როგორც „როიტერსი“ წერს, ეს განცხადება მკვეთრ შემობრუნებას წარმოადგენს ვუჩიჩისთვის, რომლის პარტიამ ადვილად მოიგო ვადამდელი არჩევნები 2023 წელს, მაგრამ ბოლო დროს მზარდი ზეწოლის ქვეშ მოექცა.
კერძოდ, მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები სერბეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის პირველ ნოემბერს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში, ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამოინგრა და შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარ ნგრევას სერბეთში ბევრი კორუფციას უკავშირებს. ეს სადგური ბოლო წლებში ორჯერ გარემონტდა. რეაბილიტაციის ეს პროექტები ნაწილია იმ მეგაპროექტებისა, რომლებშიც მონაწილეობდნენ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები – CRIC და CCCC . ამ მეგაპროექტებს ადგილობრივი კორუფციის მკვლევრები საეჭვოდ მიიჩნევენ.
სტუდენტები, მასწავლებლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ათი ათასობით ადამიანი ნოემბრის შემდეგ ანტისამთავრობო აქციებს მართავენ. რკინიგზის სადგურზე მომხდარი ნგრევის გამო მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვაჭრობის მინისტრი გადადგნენ, თუმცა ამან პროტესტი ვერ ჩაახშო.
რამდენიმე დღის წინ დემონსტრანტებმა, რომლებშიც სტუდენტებიც შედიოდნენ, ბელგრადის მთავარი მაგისტრალის ბლოკადა მოაწყვეს, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა.
სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. სერბეთის ოპოზიციური პარტიები და უფლებადამცველები ალექსანდრ ვუჩიჩს და მის პარტიას ამომრჩევლების მოსყიდვაში, მედიის თავისუფლების შეზღუდვაში, ოპონენტების მიმართ ძალადობაში, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში ადანაშაულებენ. ვუჩიჩი და მისი მოკავშირეები ამ ბრალდებებს უარყოფენ.
ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელიც რუსეთის ახლო მოკავშირეა, ერთ-ერთია იმ პრეზიდენტებს შორის, რომლებმაც მიხეილ ყაველაშვილს „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
· რა კავშირშია სერბეთში დაწყებულ პროტესტთან ანაკლიაში გამარჯვებული ჩინური კომპანია
