მოგვიწია, ხელფასებისთვის საჭირო თანხა სასტუმროს მფლობელისთვის გვეთხოვა – “შოთა რუსთაველი”

„იანვარში დაგვიდგა საჭიროება, სასტუმროს მფლობელისთვის გვეთხოვა ფინანსური დახმარება, რათა ხელფასები გავისტუმროთ“, – ეს განცხადება ბუტიკური ტიპის სასტუმრო „შოთა რუსთაველის“ გენერალურმა მენეჯერმა ნინო ჩუბინიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ გააკეთა.
მისივე თქმით, 55-ნომრიან სასტუმროში 65 ადამიანია დასაქმებული და მენეჯმენტი ცდილობს, ისინი მაქსიმალურად შეინარჩუნოს და არც ხელფასების შემცირება მოუწიოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, დასაქმებულები ბიზნესის სხვა სექტორში დასაქმებას არჩევენ.
ბუტიკური ტიპის სასტუმრო „შოთა რუსთაველი“ თბილისში შევჩენკოს ქუჩაზე მდებარეობს და მთავარი შესასვლელი ჭიჭინაძის ქუჩიდან აქვს, ამიტომ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი სასტუმროს დატვირთულობაზე ნეგატიურად აისახა, თუმცა როგორც გენერალური დირექტორი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ახლა პროტესტს სრულიად მშვიდობიანი სახე აქვს, იანვარში სტუმრების 20%-იანი შემცირება აქვთ.
„რა თქმა უნდა, ჩვენს დატვირთულობას არ ვადარებთ მაღალ სეზონს ანუ ისედაც დაბალი დატვირთულობის პერიოდში ის მოლოდინები, რაც გაქვს, რომ არ მართლდება, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ძალიან სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით მიმდინარე ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებით, სახელფასო ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებით და ასევე, საბიუჯეტო ვალდებულებების გადახდასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნინო ჩუბინიძემ.
სასტუმრო „შოთა რუსთაველის“ გენერალურმა მენეჯერმა „წერტილთან“ ინტერვიუში გაიხსენა covid-პანდემიის პერიოდი, როდესაც მთავრობამ ტურიზმის სექტორი რამდენიმე თვით გადასახადებისგან გაათავისუფლა და იქვე აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ბიზნესს, ვინც მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გამო დაზარალდა, გადასახადების გადახდას გადაუვადებს.
“ბიზნესს ყური უნდა დაუგდონ” – “შოთა რუსთაველი” საშემოსავლოს და დღგ-ის გადავადებას ითხოვს
კერძოდ, ჰოტელიერი გულისხმობს თებერვალ-მარტში მაინც საშემოსავლოს და დღგ-ის გადასახადების გადახდის გადავადებას, რადგან იმედოვნებს, რომ აპრილიდან მდგომარეობა გამოსწორდება.
ნინო ჩუბინიძემ „წერტილთან“ ინტერვიუში, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის ბიზნესთან შეხვედრისთვის დროს გამონახავს.
„ჩვენს ბიზნესს აუცილებლად უნდა დაუგდონ ყური, რადგან ტურიზმის ინდუსტრია ძალიან მსხვილი დამსაქმებელია და ასევე მნიშვნელოვანია მოგზაურობიდან შემოსავლები, რომელსაც ქვეყანა იღებს [2024 წელს საქართველომ ტურიზმიდან 4.4 მლრდ დოლარი მიიღო]. იმედია, როცა შეხვედრა შედგება, არ მიიწვევენ და არ მოუსმენენ მხოლოდ საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს. საჭიროა, ყველა ტიპის განთავსების ობიექტების ხელმძღვანელებს მოუსმინონ. რატომ არ ხდება ასეთი შეხვედრა არ ვიცი“, – განაცხადა ჰოტელიერმა.