Politico-ს ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შესთავაზა, უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილების მიღების დროს ოთახი დაეტოვებინა.
როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ქვეყნების წარმომადგენლები კონსენსუსს საათობით ვერ აღწევდნენ, რადგან უნგრეთი გადაწყვეტილებას ვეტოს ადებდა. ამიტომ, შოლცმა ორბანს შესთავაზა, თუ გადაწყვეტილებას არავითარ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერდა, ოთახი დაეტოვებინა და დანარჩენი ლიდერებისთვის საშუალება მიეცა, ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიეღოთ.
Politico-ს თანახმად, აღნიშნული შეთავაზება სპონტანურად არ წარმოქმნილა – მას წინა შეხვედრებზეც განიხილავდნენ და შეთანხდნენ. ერთ-ერთი ანონიმური წარმომადგენლის თქმით, ორბანი “წინასწარ შეთანხმებულად და კონსტრუქციულად ერთ მომენტში დატოვა ოთახი”.
უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ორბანმა მალევე სოციალურ მედიაში ვიდეო ატვირთა, რომელშიც კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არ არის.
ორბანმა ასევე თქვა, რომ უნგრეთს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრმა სხვა ქვეყნებმა “თავიანთი გზით უნდა იარონ”, უნგრეთი კი თავის პოზიციას არ შეიცვლის.