„ძალიან რთულ ვითარებაში ვართ შესული, სადაც განვითარებული სამყარო არის ჩვენ წინააღმდეგ, რადგან არ ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა, რომ გავაკეთოთ“, – BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ რესტორატორმა, შოთა ბურჯანაძემ სარესტორნო ბიზნესში არსებული ვითარების შეფასებისას ისაუბრა ისაუბრა.
ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანა გეგმის გარეშეა და ის, რასაც 30 წლის განმავლობაში აშენებდა, ახლა ამას დიდი მუხრუჭი აქვს.
მისი თქმით, რესტორნებში, განსაკუთრებით ტურისტულ ზონებში, მომხმარებლების რაოდენობა შემცირდა. გარდა მომხმარებელთა კლებისა, ჩავარდნილი სეზონის გამო, მცირდება სტუმარმასპინძლობის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობაც. ბურჯანაძე ამ ყველაფერს ქვეყნის თვითიზოლაციას უკავშირებს და ვარაუდობს, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვლება, სცენარი ბევრად მძიმე იქმნება. სექტორისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას როგორც წესი წარმოადგენს ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც, ინფლაცია და სამუშაო ძალის შემცირება.
„სფერო ვერ გამოიყოფა არსებული სიტუაციიდან. როდესაც ამ სფეროში კრიზისი იწყება, ის სხვა ეკონომიკურ მიმართულებებს მეტასტაზებივით გადაეცემა. 2024 წელი შეიძლება დადებითად შეფასებულიყო, რაც სწორი პოლიტიკით იყო განპირობებული, რომელსაც ქვეყანა მიჰყვებოდა. თუმცა, ახლა ვითარებაა, როდესაც გეგმა არ გვაქვს. არა სფეროს, არამედ ქვეყანას არ აქვს გეგმა.
საით მივდივართ, ამას უბრალოდ ვერ ვუყურებთ. საქმეც ის არის, რომ უბრალოდ არ მივდივართ. 30 წლის განმავლობაში რასაც ვაშენებდით, ამ მშენებლობას დიდი მუხრუჭი აქვს და გუშინდელი დღე, ჩემთვის ერთ-ერთი სამწუხარო დღეა, როდესაც სტრასბურგში დაიწყო ის, რაც ოთხშაბათს საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, რომ ვიქნებით თუ არა ევროკავშირის წევრები. ამ ვითარებაში, რომელშიც ვართ, რთულია სფეროს განვითარებაზე საუბარი. ჩვენ შეიძლება რაღაც სივრცეში შევიდეთ, სადაც მოკლევადიან პერსპექტივაში ვინმემ თავი კარგად იგრძნოს, მაგრამ არც გრძელვადიან და არც მოკლევადიან პერსპექტივაში, არც ქვეყნის განვითარებისთვის კარგის მომტანი ვერ იქნება“, – ამბობს რესტორატორი.
მისივე შეფასებით, ქვეყანა არ არის შპს. მას განვითარებისთვის გეგმა და მიზანი სჭირდება, რომელსაც მიჰყვება. ის ასევე დასძენს, რომ საქართველო თვითიზოლაციაში ექცევა, რომელსაც თავადვე ქმნის.
„როდესაც ქვეყანაში ასეთი არაგეგმური ვითარება გვაქვს, მხოლოდ შემთხვევით სიტუაციაზე ვართ დამოკიდებული და ვიღაცას თუ გავახსენდებით… ასე ქვეყანა ვერ გამოვა. ქვეყანა არ არის შპს, რომ რაღაც გავლენებმა იქონიოს. შენ თუ არ გაქვს მიზანი და აუცილებლობა იმისა, რა უნდა აკეთო, ამ შემთხვევაში პრობლემა ძალიან დიდი იქნება. თორემ ვითარება რაც გვაქვს, თვითიზოლაციაში ვხვდებით, რასაც ჩვენ თვითონ ვაკეთებთ, ვინმე კი არ გვებრძვის. ლუკაშენკომ ბელორუსიაში გაიმარჯვა, დაახლოებით 87%-ით და სულ არ მაინტერესებს დანარჩენი მსოფლიო რას იტყვისო – ჩვენც შეგვიძლია ასე რომ ვთქვათ“, – განმარტავს შოთა ბურჯანაძე.
მისი შეფასებით, საქართველოში ლუკაშენკოს პოზიციაც არ არის, რადგან ქვეყნის პოზიციაა, რომ ევროპაში მიდის, თუმცა ევროპა ამბობს, რომ იქ საქართველოს ადგილი არ არის.
„ვამბობთ, რომ მივდივართ დასავლეთში, მაგრამ დასავლეთი გვეუბნება, რომ აქ ჩვენი ადგილი არ არის. როგორ არის ეს შესაბამისობაში და როგორ ხდება ეს? ჩამოკიდებული ვართ ახლა ტრამპის ადმინისტრაციაზე, თუ როდის გვეტყვის ტრამპი ან კის ან არას“, – აცხადებს რესტორატორი.