ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტი ემხრობა საქართველოს დელეგაციის შეზღუდული უფლებამოსილების ცნობას, გადაწყვეტილების 2024 წლის აპრილის სესიაზე გადახედვის პირობებით.
PACE-ს რეგლამენტით, წლის პირველ სესიაზე ავტომატურად მტკიცდება ეროვნული დელეგაციების უფლებამოსილება, თუ რომელიმე მათგანი გასაჩივრებული არაა. თუმცა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა სადავო გახადა ევროპის სახალხო პარტიამ (EPP), რასაც მხარი დაუჭირა 5 ქვეყნის დელეგაციიდან 30-მა წევრმა (რეგლამენტით გათვალისწინებული რაოდენობა). საკითხი განსახილველად მონიტორინგის კომიტეტს გადაეცა, რომელმაც თავისი მოსაზრება მოამზადა.
მონიტორინგის კომიტეტი მიიჩნევს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები, მათ შორის შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევა, ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ამიტომ კომიტეტს სურს მკაფიო გარანტიები საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ის მზადაა, შემოატრიალოს დემოკრატიული უკუსვლა და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
კომიტეტის შეთავაზებაა, დიალოგის შენარჩუნებისადმი ღიაობის ნიშნად, ასამბლეამ, 2025 წლის აპრილის სესიაზე საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების ხელახალი განხილვის მოლოდინში, მიმდინარე სესიაზე მოახდინოს საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება. ამავდროულად, დაჟინებით მოითხოვოს შემდეგი პირობების შესრულება:
· ინკლუზიური პროცესის დაწყება;
· ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზების სასწრაფოდ აღმოფხვრა და საარჩევნო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალ თვეებში გამოცხადებულ, ჭეშმარიტად დემოკრატიულ ახალი არჩევნებს;
· პოლიციის სისასტიკისა და ადამიანის უფლებების დარღვევის დაუყოვნებლივ შეწყვეტა; ამ პრაქტიკის ეფექტურად გამოძიება და მომიტინგეების, ჟურნალისტების და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ სასამართლო პროცესის ბოროტად გამოყენების დასრულება;
· გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სრული პატივისცემა;
· ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ევროინტეგრაციის პროცესის განსაახლებლად;
· ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება 2025 წლის აპრილის სესიამდე.
ამავდროულად, კომიტეტი მოუწოდებს, რომ პოლიციის სისასტიკისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევების დაგმობის ნიშნად, ასამბლეამ შეაჩეროს ქართული დელეგაციის შემდეგი უფლებები:
· პოლიტიკურ საქმეთა და დემოკრატიის კომიტეტის, მონიტორინგის კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის კომიტეტისა და პროცედურული ნორმების, იმუნიტეტისა და ინსტიტუციურ საქმეთა კომიტეტის სრულფასოვანი წევრობა;
· არჩევნებზე დამკვირვებელი კომიტეტის წევრობა;
· მომხსენებლად დანიშვნა;
· ასამბლეის პრეზიდენტის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ან ვიცე თავმჯდომარეობის კანდიდატობა;
· ასამბლეის წარმოდგენა ევროპის საბჭოს ორგანოებში, საერთაშორისო ორგანიზაციების ან საპარლამენტთაშორისო ასამბლეების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, კონფერენციებზე.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჯერ კიდევ არარატიფიცირებულ რწმუნებათა სიგელების შესახებ რეზოლუციის პროექტს თან ახლავს მომხსენებლის, ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას განმარტებითი მემორანდუმის ორი ვარიანტი: ერთი საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების პირობებით ცნობას, მეორე კი არ ცნობას ითვალისწინებს. ცვლილებები შეიძლება შევიდეს რეზოლუციის პროექტშიც.
საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 29 იანვრის კენჭისყრაზე მიიღებს.
ამ თემაზე:
PACE-ში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა კითხვის ნიშნის ქვეშაა