რის აშენებას გეგმავს „ქართუ ჯგუფი“ ორთაჭალის ხიდთან

„ქართუ ჯგუფი“ ორთაჭალის ხიდთან მრავალფუნქციური ცათამბჯენების „ორთაჭალა თაუერსის“ მშენებლობას გეგმავს.
როგორც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციიდან ირკვევა, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტი უკვე შეტანილია და საკრებულოს სხდომაზე პროექტის დამტკიცება დღეს იგეგმება.
პროექტის მიხედვით, შენობების სიმაღლე დაახლოებით 111 მ და 162 მ იქნება.
„გრგ-ს დავალების პროექტში წარმოდგენილია ტერიტორიის განვითარება მულტიფუნქციური კომპლექსის იდეით. იგეგმება 1 მულტიფუნქციური შენობის მშენებლობა, რომელსაც ექნება ორი საცხოვრებელ/კომერციული ფუნქციის მქონე კოშკი, მოთავსებული საერთო ბაქანზე. ამასთან ერთად სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის, გამწვანებული ტერიტორიების და მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა – რომელთა რაოდენობაც სრულიად დააკმაყოფილებს ახლად შექმნილ საცხოვრებელ ფართებს და არამარტო.
ავტოსადგომები სრულად მიწისქვეშ იქნება მოწყობილი კანონმდებლობით მოთხოვნილი რაოდენობის გათვალისწინებით. საპროექტო გადაწყვეტით დაცულია მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მიჯნის ზონები, განთავსებები და სიმაღლეები. საპროექტო განაშენიანების, ბინებისა და მოსახლეობის მიახლოებითი სიმჭიდროვე: საპროექტო ტერიტორიაზე გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართი: 67 461 კვ.მ. საპროექტო სიმჭიდროვე: 67 461 / 25 = 2698 მოსახლე. სულ, საპროექტო ტერიტორიის ფართია 25 831 მ2“ – წერია განმარტებით ბარათში.
ცნობისთვის, დღეს კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში არსებულ პროექტს გამოეხმაურა.
„პოლიტპატიმრების და ქართველი ხალხის მძევლად აყვანის პარალელურად, ივანიშვილი აგრძელებს გამდიდრებას ჩვენი ქალაქის ხარჯზე. დღეს, საკრებულოს სხდომაზე გამოდის პროექტი, რომლითაც ორთაჭალის ხიდის მიმდებარედ ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ მიწაზე 43 სართულიანი კომპლექსის პროექტის დამტკიცება იგეგმება.საუბარია „ქართუ ფონდის“ საკუთრებაში არსებულ 25,831 კვ.მ ტერიტორიაზე, რომელი მდებარეობს ორთაჭალის ხიდის მიმდებარედ. ამ ტერიტორიაზე იგეგმება 89, 948 კვადრატული მეტრის მოცულობის უზარმაზარი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც სატრანსპორტო და ურბანული თვალსაზრისით ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის.ამ მასშტაბის მშენებლობა ორთაჭალის ხიდის გვერდით, გაუვალს გახდის, როგორც ორთაჭალის ხიდს (რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კავშირია), ისე მტკვირს სანაპიროს, რომელიც ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია.შეგახსენებთ, რომ მხოლოდ 2024 წელს უძრავი ქონების პროექტების დამტკიცებით და რეალიზაციით ივანიშვილმა თითქმის 200 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო“ – წერს საბა ბუაძე სოციალურ ქსელში.