ამჟამინდელი კანონით, თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, უპირველეს ყოვლისა თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს მიეკუთვნება, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა მიიღეს, მაგრამ მანდატი ვერ მოიპოვეს. თუ ამის შემდეგ გაუნაწილებელი მანდატი კიდევ რჩეა, თითო მანდატი თანამიმდევრობით იმ პარტიულ სიებს მიეკუთვნება, რომლებსაც ერთი მანდატი მაინც ჰქონდათ მოპოვებული და სხვებზე დიდი ნაშთი აქვთ.
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებით კი, გაუნაწილებელი მანდატების დარჩენის შემთხვევაში, მას თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.
ამასთან, ცვლილებები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნას და საქმიანობას; არჩევნებზე დამკვირვებელთა და პრესის წარმომადგენელთა დანიშვნის კრიტერიუმებს; დამკვირვებელთა საქმიანობას; საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევისთვის სანქციას შეეხება.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან.