ოკუპირებულ აფხაზეთში სკანდალი მოჰყვა უხუცესთა საბჭოს წევრის, აპოლონ შინკუბას სიტყვით გამოსვლას ოპოზიციის „პრეზიდენტობის კანდიდატ” ადგურ არძინბასთან შეხვედრის დროს.
პარტია „ამცახარის“ ინფორმაციით, შინკუბამ „წინა ხელისუფლების“ კანდიდატის, ბადრ გუნბას გამარჯვების შემთხვევაში „გადამალული იარაღის გამოტანის“ შესაძლებლობაზე ისაუბრა.
პარტიამ აპოლონ შინკუბას „დაუყოვნებლივ საჯარო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა” მისი “პროვოკაციული და უპასუხისმგებლო სიტყვებისთვის”, უხუცესთა საბჭოს კი მოსთხოვა, ოფიციალური შეფასება მისცეს განცხადებებს, რომლებიც, პარტიის შეფასებით, “ძირს უთხრის ამ ინსტიტუტის ავტორიტეტს”.
„ასევე მოვითხოვთ აპოლონ შინკუბას გარიცხვას უხუცესთა საბჭოდან და მისთვის უხუცესის საპატიო სტატუსის ჩამორთმევას“, – ნათქვამია „ამცახარის“ განცხადებაში.
დე ფაქტო რესპუბლიკის “გენერალურმა პროკურატურამ” შინკუბას განცხადებებზე გამოძიება დაიწყო.
თავის მხრივ, ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უხუცესთა საბჭოს მოუწოდა, „მოერიდოს მსგავს განცხადებებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რათა არ მოხდეს დაპირისპირება სხვადასხვა კანდიდატის მხარდამჭერებს შორის“.
ოპოზიციის მხარდამჭერი ნაირა ამალია მიიჩნევს, რომ შინკუბას სიტყვებს მცდარი ინტერპრეტაცია მიეცა.
„მის სიტყვაში არ ყოფილა არც პირდაპირი არც ირიბი მუქარა, – განაცხადა მან, – მომხსენებელმა შეცდომების პრევენციაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთის წყალობით, ნოემბრის მოვლენები უსისხლოდ დასრულდა. მისი თქმით, იმავე შეცდომების გამეორებას შესაძლოა ტრაგიკული შედეგები მოჰყვეს და დასძინა: “ღმერთმა არ ქნას!” მე თვითონ ვნახე 15 ნოემბერს, როგორ ამშვიდებდა ახალგაზრდებს გამოუსწორებელი შედეგების თავიდან ასაცილებლად“.
„საპრეზიდენტო არჩევნები“ ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს გაიმართება. მასში ხუთი “კანდიდატი” მიიღებს მონაწილეობას: „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი“ ბადრა გუნბა, „აფხაზეთის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში“ ოლეგ ბარციცი, „ეკონომიკის ყოფილი მინისტრი“ და ოპოზიციური „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ ლიდერი ადგურ არძინბა, „კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი“ რობერტ არშბა, კომერციული „შავი ზღვის განვითარების ბანკის“ თავმჯდომარე ადგურ ხურხუმალი.