ჯერჯერობით ის საკითხი, რომ საქართველოში ფასიანი გზები იყოს არ განიხილება, თუმცა სატრანზიტო გადაზიდვებისთვის ჩვენს ქვეყანაში შემოსული სატრანსპორტო საშუალებები გარკვეულ საფასურს იხდიან, რომელიც ჩვეულებრივად სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სამშენებლო პროექტების, გზების მშენებლობის განხორციელების დროს გარკვეული გამოწვევები იყო, თუმცა ეს გამოწვევები ეტაპობრივად იქნა დაძლეული.
“წელს ვგეგმავთ და დაიწყება ასევე, რუსთავი-წითელი ხიდი, ალგეთი-სადახლოს მშენებლობა. დაახლოებით, 61 კმ-იანი მონაკვეთი იქნება მთლიანობაში. 2025 წელს ვგეგვმავთ, რომ თბილისიდან ბათუმამდე სრულად იყოს მშენებლობა დასრულებული.
დაახლოებით, 455 მლნ. იქნება დონორის მიერ გამოყოფილი სესხი, რომლითაც დაფინანსდება პროექტები. ჩვეულებრივად ვაგრძელებთ პარტნიორებთან ურთიერთობას. საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორია დონორი ორგანიზაციებისთვის”, – აცხადებს გიორგი წერეთელი.
რაც შეეხება მოვაჭრეებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მაგისტრალებზე მათ პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში მიეცემათ.
“პროექტში თავიდანვე ჩადებული იყო, რომ უნდა აშენებულიყო შესაბამისი არეალები, სადაც მეწარმეები ნაწარმის რეალიზაციას შეძლებდნენ . შროშაში უკვე დასრულდა მშენებლობა, ხოლო სურამში წელს დაიწყება. გარდა ამისა, სურამში არის გათვალისწინებული მსგავსი ტიპის მშენებლობები და აუცილებლად მიმდინარე წელს დაიწყება. ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს პროდუქციის გაყიდვას. ასევე, კახეთის მიმართულებით – სოფელ ბადიაურშიც მოხდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა”, – აცხადებს გიორგი წერეთელი.
