შვედეთისა და ევროკავშირის დონორობით, ამასთან „ფერმერთა ასოციაციის“ უშუალო ჩართულობით საქართველოში „ფერმერთა სკოლის“ პროგრამა განხორციელდა. პროგრამა, ქალი ფერმერების გაძლიერებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ემსახურებოდა.
როგორც „ფერმერთა სკოლის“ თანამონაწილემ, “ნინოს ჩირის“ დამფუძნებელმა, ნინო ქავთარაძემ BM.GE-სთან ისაუბრა, პროგრამა 8 თვის განმავლობაში გაგრძელდა და დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, განსაზღვრული 20 ქალბატონის მაგივრად, ჯგუფში 31 ქალბატონი მონაწილეობდა.
ქავთარაძის ცნობით, ამ პროგრამის დახმარებით ფერმერებმა ყველის ევროპული მეთოდით დამზადება, თხილის კარაქის წარმოება და მწარე წიწაკის ჯემის დამზადება შეისწავლეს. პროგრამის ბოლოს კი, ფერმერებს დანადგარები და პარაზიტების პრეპარატები უსასყიდლოდ გადასცეს. შედეგად, პროგრამის დასრულების შემდეგ, ბენეფიციარების ნაწილმა საკუთარი წარმოებაც კი დაიწყო.
“გარდა ჩირის ბიზნესისა, აქტიურად ვარ დაკავებული მესაქონლეობით და მინდა მომხმარებლებს ჩირთან ერთად ჩემი წარმოებული არტიზანული ყველიც შევთავაზო. ამიტომაც „ფერმერთა ასოციაციის“ დახმარებით ჩემს სახლში ფერმერთა სკოლა გაიხსნება, სადაც არტიზანული ყველის წარმოებით დაინტერესებულ 31 ქალბატონს 8 თვის განმავლობაში, 8 უფასო სემინარი ჩაგვიტარდა. გვასწავლეს 7 სახის ყველის ევროპული სტანდარტით წარმოება, თხილის კარაქისა და მწარე წიწაკის ჯემის წარმოება. პროგრამის ფარგლებში მე და ჩემთან ერთად მყოფ ქალბატონებს შესაბამისი ინვენტარი, საკვები დანამატები და პარაზიტების პრეპარატები უფასოდ დაგვირიგდა. მე საწველი აპარატი, წისქვილი, ვაკუუმის აპარატი, პასტერიზატორი და ა.შ გადმომეცა.
