“დატვირთულობა შემცირებულია. ამ მონაცემით, თვის ბიუჯეტს ვერ ვასრულებთ” – Biltmore Tbilisi Hotel

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმრო The Biltmore Tbilisi Hotel-ისთვის 2025 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დატვირთულობა შემცირებულია. როგორც სასტუმროს გაყიდვების დირექტორი, მარიამ ქუთათელაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, “ბილტმორის” დატვირთულობაზე გავლენას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ახდენს.
“საკმაოდ დიდი ზეგავლენა იქონია არსებულმა სიტუაციამ ტურიზმის სფეროზე და, მათ შორის, რუსთაველზე განთავსებულ სასტუმროებზე. გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. შესაბამისად, იანვარი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ, დღევანდელი დღის მონაცემებით, თვის ბიუჯეტს ვერ ვასრულებთ. თუმცა ვნახოთ, როგორ დაიხურება თვე. დატვირთულობით წინა წელთან შედარებით, რა თქმა უნდა, ნაკლებობა გვაქვს იანვარში. აქვე უნდა ითქვას, რომ წლევანდელი გაწერილი ბიუჯეტი უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა წლის”, – აღნიშნავს მარიამ ქუთათელაძე.