მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს. მიმდინარე კვირაში კი, ლარი ხუთივე ვაჭრობისას გაუფასურდა – ჯამში, ევროსთან 9.71 თეთრით, ხოლო დოლართან – 4.22 თეთრით.
შეგახსენებთ, პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს, ორი დღის წინ, 23 იანვარს, სთხოვეს შეეფასებინა ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან რთული ეკონომიკური პროცესების პროგნოზი და ლარის კურსის გაუფასურების დიდი ალბათობაც.
კობახიძემ ამის პასუხად თქვა, როპმ ასეთი ბიზნესმენები რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები არიან და წლებია, ასე ლაპარაკობენ.
“რეალურად, ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები, ისინი ასე ლაპარაკობენ უკვე წლებია, 2020 წლიდან განსაკუთრებით. ისინი საუბრობენ ასეთ ტონალობაში, მუდმივად საუბრობენ რისკებზე, პრობლემურ განვითარებაზე. საბოლოო ჯამში, ძაღლი ყეფდა, ქარავანი მიდიოდა. ამ განცხადებების ფონზე, ჩვენ შევძელით და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 4 წელში გავზარდეთ 40 მილიარდი ლარით”, – თქვა პრემიერმა.
ეკონომისტები ლარის ასეთ მკვეთრ, ელვისებურ, გაუფასურებას დასავლური სანქციებით და ანტიდასავლური პოლიტიკით ხსნიან. მათი პროგნოზით, ლარი გაუფასურებას გააგრძელებს, რადგან ეროვნულმა ბანკმა რეზერვების დიდი ნაწილი უკვე გამოიყენა.
ეკონომისტის ოთარ აბესაძის თქმით, სანამ საქართველოს მდგომარეობა დასავლურ სამყაროსთან არ დასტაბილურდება, იქამედე მზარდი ინფლაცია და ფასების ზრდა იქნება.
“დოლარი ეს არის ერთგვარი სარეზერვო ვალუტა საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელთან მიმართებით სწორდება უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საქართველოსთან მიმართებით ეკონომიკური რესურსები. როდესაც დოლარის შექმნილ სახელმწიფოსთან გვაქვს პოლიტიკური და იურიდიული პრობლემები, დასავლური სამყაროს მხრიდან გვიწესდება სანქციები, ეს თავისთავად იწვევს ნეგატიურ ეკონომიურ პრობლემებს. არ შემოდის ქვეყანაში ინვესტიცია, სავალუტო ფონდმა შეაჩერა პროექტები, რაც თავისთავად კორელაციაშია პირდაპირ ინფლაციასთან, ფასების ზრდასთან. სანამ არ დასტაბილურება საქართველოს მდგომარეობა დასავლურ სამყაროსთან, საიდანაც ხდება ძირითადი ნაკადის ვალუტის შემოდინება საქართველოში, იქამდე გვექნება მზარდი ინფლაცია, ფასების ზრდა და ეკონომიკური პრობლემები”, – ამბობს ოთარ აბესაძე.