პატიმრობაში მყოფმა ნიკა კაციამ ომბუდსმენის წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ციხეში საჭმელს არ აჭმევენ. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს.
ნიკა კაციასთან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, დღეს, 24 იანვარს, მას შემდეგ შევიდნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ციხეში არასათანადოდ ეპყრობოდნენ.
ომბუდსმენის განცხადებით, ნიკოლოზ კაციამ პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე მიუთითა.
“24 იანვარს სახალხო დამცველის რწმუნებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკოლოზ კაცია მოინახულა. ბრალდებულმა მიუთითა პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რაზეც სახალხო დამცველმა მოახდინა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ასევე, ნიკოლოზ კაციას თხოვნით, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა მისი კანონიერი ინტერესების დამცველ ადვოკატს. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს პატიმრების უფლებების დაცვის მდგომარეობაზე აქტიურ ზედამხედველობას,” – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, “ღამის მთავარის” ეთერში საბა სხვიტარიძის დედამ, ლელა ახობაძემ განაცხადა, რომ ნიკოლოზ კაციას ციხეში ავიწროებენ და საკვებს არ აძლევენ.
