ბიზნესმენი, დეველოპერული კომპანია „არქის“ დამფუძნებელს სჯერა, რომ საქართველო ევროპისკენ მიდის და ამ პროცესში ევროკავშირთან არსებულ ურთიერთობას არასასურველად მიიჩნევს. თემაზე ილია წულაიამ „ბიზნეს პარტნიორთან“ ისაუბრა.
ილია წულაია ამბობს, რომ კურსის ცვლილების შემთხვევაში სხვა ბიზნესმენებთან ერთად პირველი იქნებოდა, ვინც ამის გამოსასწორებლად ყველაფერს გააკეთებდა. ბიზნესმენი იმასაც აღნიშნავს, რომ დასავლეთთან – აშშ-სთან და ევროკავშირთან პარტნიორობა მნიშვნელოვანია და ურთიერთობების უახლოეს პერიოდში გადატვირთვის იმედს გამოთქვამს.
„მე რომ ვფიქრობდე, რომ საქართველომ კურსი შეიცვალა და დასავლეთის ნაცვლად, ჩრდილოეთის მიმართულებით მიდის, მე ბიზნეს ასოციაციის საბჭოს წევრი ვარ და ბევრჯერ გვქონია ამის განხილვა, ჩვენ [ბიზნესმენები] ვიქნებოდით პირველები, ვინც ავანგარდში დადგებოდა და ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რაც ბიზნესის ხელშია, რომ ეს არ დაეშვა.
მჯერა, რომ საქართველო ევროპისკენ მიდის. ის მდგომარეობა, რომელიც ახლა ქვეყანაშია და ის სიტუაცია, რაც დღეს საქართველო ევროკავშირს შორის არის ჩამოყალიბებული, რა თქმა უნდა, სასურველი არ არის. მე იმედს გამოვთქვამ… და არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი არაერთი ბიზნეს კოლეგა, რომ ეს მდგომარეობა შეიცვლება, გადაიტვირთება და საქართველოს შესაძლებლობა ექნება, რაც შეიძლება მალე მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაცია, რაც შეიძლება მალე და სწრაფად მოხდეს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დასავლელ პარტნიორებთან ისეთივე საქმიანი, კონსტრუქციული ურთიერთობა აღდგეს და გაგრძელდეს, როგორიც წლების განმავლობაში წინა წლებში იყო, ბოლო პერიოდს არ ვგულისხმობ.
ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაცია და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მჯერა, უახლოეს მომავალში ორივე მიმართულებით აუცილებლად მოხდება ურთიერთობის გადატვირთვა“, – განაცხადა ილია წულაიამ.