მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამგზავრო გადახდის სისტემიდან ზვიად გამსახურდიას, ზურამ ჟვანიას და სხვების ხმები ისმის საქართველოს ჰიმნის ფონზე, თბილისის მერმა, რომელმაც კიბერშეტევად შეაფასა მომხდარი, განაცხადა, რომ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე ტექნიკურ მხარდაჭერს “საქართველოს ბანკის” ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ.
ტექნიკურ მხარდაჭერას ვინ ახორციელებს გასაგებია, მაგრამ ამ წამამდე უცნობია, ვინ არის პასუხისმგებელი ჩატარებული ტექნიკური სამუშაოების კონტროლზე. ვიღაც ხომ უნდა აკონტროლებდეს თბილისის მერიის დაკვეთით, საქართველოს ბანკის ქვეკონტრაქტორების მუშაობის ხარისხს? ტექნიკური შემოწმება თუ არა, მიღება–ჩაბარების აქტი მაინც ხომ დგება? და ვის სახელზე? რომელი სამსახურის წარმომადგენელი აწერს ხელს?
მერია არაფერს ამბობს პასუხისმგებლობის ნაწილზე, სდუმს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.
“ალია” დაუკავშირდა საქართველოს ბანკს, რომელმაც გვითხრა, რომ ის არაა პასუხისმგებელი ქვეკონტრაქტორების მუშაობის ხარისხზე და გადაგვამისამართა იმ ქვეკონტრაქტორებთან, ვინც ტექნიკურ მხარდაჭერაზეა პასუხისმგებელი. არადა, პასუხი კითხვაზე, ვინ აწარმოებდა ტექნიკურ მხარდაჭერას ისედაც ცნობილია, ჩვენი კითხვაა, ვინაა პასუხისმგებელი ამ ორი ქვეკონტრაქტორი კომპანიის მუშაობის ხარისხზე? ვინ აკონტროლებდა მათი ტექნიკური მხარდაჭერის სრულფასოვნებას? კონტრაქტი ხომ არსებობს საქართველოს ბანკსა და მერიას, საქართველოს ბანკსა და მისივე ქვეკონტრაქტორებს შორის და რა წერია იმ კონტრაქტში, ვინაა მაკონტროლებელი, ვინ აღარ გადაუხდის ფულს, თუ ქვეკონტრაქტორი სამუშაოს ვერ შეასრულებს სრულფასოვნად? თუ არც კონტრაქტი არსებობს?
ამ მომენტისთვის, ორივე პასუხის მიხედვით, გამოდის, პასუხისმგებელია – არავინ (?).თუ “გამოჩნდება” პასუხისმგებელი პირი, მასალა განახლდება.თუ მერია, ან საქართველოს ბანკი დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდის, მასალა განახლდება.