შესაძლოა, „იუვენტუსმა“ გოგლიჩიძე იანვრის ბოლომდე დაიმატოს – Sky Sport
სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე, შესაძლოა, „იუვენტუსმა“ საბა გოგლიჩიძე გადაიყვანოს – „ემპოლის“ ქართველ მცველზე ინფორმაციას Sky Sport-ის იტალიური ბიურო ავრცელებს.
„იმ სახელებს შორის, რომელიც შეიძლება „იუვენტუსის“ დაცვაში მოხვდეს, „ემპოლის“ მცველი საბა გოგლიჩიძეა. 2004 წელს დაბადებული ახალგაზრდა მცველი შეიძლება იყოს ერთ-ერთი პერსპექტიული შენაძენი რომელიც „ბიანკონერებს“ შეუძლიათ იანვარში მიიწვიონ.
Sky Sport-ის ცნობით, ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე, რენატო ვეიგას შემდეგ, შესაძლოა, ტურინში კიდევ ორი ახალი მცველი ჩავიდეს. არის ალბათობა, რომ საბა გოგლიჩიძესთან კონტრაქტი სატრანსფერო „ფანჯრის“ ბოლო მომენტში გაფორმდეს“, – წერს Sky Sport-ის იტალიური ბიურო.
შეგახსენებთ, რომ მანამდე საუბარი იყო გოგლიჩიძის „მილანში“ ტრანსფერზე. 20 წლის ქართველი მცველი 2024 წელს ქუთაისის „ტორპედოდან“ იტალიურ „ემპოლიში“ ამ გუნდის და საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ გადაიყვანა.
მაშინ ახალგაზრდა მოთამაშის სატრანსფერო შეფასება transfermarkt-ზე სულ რაღაც 300 ათასი იყო. ზაფხულიდან მოყოლებული გოგლიჩიძე „ემპოლის“ დაცვის შეუცვლელი წევრი გახდა. შესაბამისად, მისი შეფასება თითქმის 27-ჯერ გაიზარდა და 8 მილიონ ევროს მიაღწია.