ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი – არავითარი კრიმინალური „შოჩიკი“ არავისთვის არ არის ჩართული – გიორგი ბაჩიაშვილისთვის გაგზავნილი წერილი იყო შეთავაზება და ამას მუქარის წერილს ვერ დავარქმევ

არავითარი კრიმინალური „შოჩიკები“ არავისთვის აქვთ ჩართული, ეს იყო შეთავაზება – ამას მუქარის წერილს ვერ დავარქმევ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ ივანიშვილის მიერ გიორგი ბაჩიაშვილისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატის თქმით, საკუთარი პირობა დაცვის მხარესაც ჰქონდა, რაც ივანიშვილის მხარისთვის მიუღებელი იყო.
„ამას მუქარის წერილს ვერ დავარქმევ. ეს იყო ჩვეულებრივი მოლაპარაკება. ეს იყო მიმართული იქითკენ, რომ შესაძლოა, მხარეებს შორის მორიგება მომხდარიყო. არც ამ საქმეზე და არც სხვა საქმეებზე ასეთი რაღაცები გასაკვირი არაა. მხარეებს შორის კომუნიკაცია ხდება და პირიქით, კარგია. ეს არის ელემენტარული პირობა [პროცენტის გაზრდა]. არაერთხელ მქონია კომუნიკაცია როგორც ბრალდებულთან, ისე მის ადვოკატთან მათი თხოვნით და იმ კომუნიკაციის დროს მათაც გაუჟღერებიათ თავისი პირობა. მათ ჰქონდათ თავისი პოზიცია გაჟღერებული, რომ გარკვეულ პირობებზე თანახმა იყვნენ. ეს ჩვენი მხარისთვის მიუღებელი იყო. შემდეგ ჩვენ ჩვენი პოზიცია შევთავაზეთ.
მორიგებით ზოგადად, ყველა მხარეა დაინტერესებული და ეს ნორმალურია. ჩვენი პირობები, რაც მას წარვუდგინეთ, წინასასამართლო სხდომამდე იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ არ იყო ჯერ გადაწყვეტილი, საქმე არსებით განხილვაში გადაეცემოდა სასამართლოს თუ არა. ამიტომ ლოგიკური, სწორი და ძალიან კარგი იყო ეს. ჩვენი განზრახვა და ჩემი სურვილი ვიღაცის დასჯა კი არ არის, უბრალოდ პოზიციებს ვიცავთ. მიგვაჩნია, რომ ჩემი მარწმუნებლის ბიტკოინები მითვისებულია და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის. არავითარი კრიმინალური „შოჩიკები“ არავისთვის არ არის ჩართული. ეს იყო შეთავაზება, რომელიც პირადად ჩემი ტელეფონიდან გადაეგზავნა მის წარმომადგენელს, „ვოთსაპის“ მეშვეობით. შეთავაზება ერქვა ამას და გადაეგზავნა. არავის არაფერი გაჰკვირვებია“, – განაცხადა წიქვაძემ.
გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია, როდის დაიკითხება ბაჩიაშვილის საქმეზე მოწმის სახით თავად ივანიშვილი.
„სასამართლოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მისცემს განმარტებებს. როგორ და რა ფორმით, ამას თქვენ ნახავთ. ამას წინასწარ ვერ გეტყვით. მომდევნო სხდომა 29 იანვარს ჩატარდება და არ ვიცი, ვის დაუძახებენ მოწმის სახით, ჩემს მარწმუნებელს თუ სხვა მონაწილე პირებს. საპროცესო კანონმდებლობით, მოწმის სახით უნდა დაიკითხოს, რა ფორმატით მოხდება, ამას ნახავთ. დისტანციურად დაიკითხება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა წიქვაძემ.
რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, ადვოკატის თქმით, ის დღეს მოწმის სახით გამოიკითხა.
„დღეს მე დავიკითხე როგორც მოწმე. ამ საქმეზე ვარ დაზარალებულის წარმომადგენელი და დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რითაც ნათლად დასტურდება, რომ ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილი, ჩემი მარწმუნებელი არის ინვესტორი. ეს არის მთავარი. ბრალდებულმა ჩემი მარწმუნებლის კუთვნილი ბიტკოინები მიითვისა“,- აცხადებს თეიმურაზ წიქვაძე.
ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა გუშინ გაასაჯაროვა წერილი, რომლითაც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გარიგება შესთავაზა. წერილში საუბარია იმაზე, რომ ბაჩიაშვილისგან მისი ბრალის დადგენილებაში საბოლოოდ ასახული ბიტკოინების რაოდენობის 60%-ს ითხოვენ. ბაჩიაშვილის თქმით, ივანიშვილმა წარმომადგენლის მეშვეობით გაუგზავნა წერილი, სადაც „თავისუფლების საფასურად დიდძალი ოდენობით კრიპტოვალუტას ითხოვს“. „ასე ვთქვათ, კრიმინალური „შოჩიკი“ ჩამირთო“,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.