მტკიცებულებები საქმეებში არ არის, არის მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები, ვიდეოჩანაწერები, სადაც ბუნდოვანია, არიან თუ არა ეს ადამიანები აღნიშნულ ვიდეოში. ასევე, გამოიკვეთა შემთხვევები, სადაც ადამიანები აქციას შეუერთდნენ მაშინ, როდესაც გზა უკვე გადაკეტილი იყო და ამ ადამიანებს ედავებიან, თუ რატომ დადგნენ გზის სავალ ნაწილზე, – ამის შესახებ „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც შეაფასა ის ფაქტი, რომ აქციებში მონაწილე პირების მიმართ, გზის გადაკეტვის მოტივით, მაღალი ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმების გამოწერა მასიურად ხდება.
მისი თქმით, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ საპროტესტო აქციები შეწყდეს და ამისთვის მიიღო ისეთი კანონები, რომელიც სამართალდამცავ უწყებას აძლევს შესაძლებლობას, ადამიანები სრულიად უკანონოდ დააკავოს.
„ხელისუფლებამ გაამკაცრა სანქციები კონკრეტულ მუხლებზე და შეზღუდა მთელი რიგი აქტივობები, რომელიც საპროტესტო აქციებისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი დაუშვა სამართალდამცავი ორგანოებისთვის.
ხელისუფლება ისეთი ტემპით მიდის, რომ შეიძლება ჯარიმის გადახდაც პრობლემატური გახდეს, ანუ ვერცერთმა ქველმოქმედმა ეს თანხები ვეღარ გადაიხადოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა შევშინდეთ, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება პროტესტში, მით უფრო გაუჭირდება ხელისუფლებას ასეთი ტიპის უკანონო გადაწყვეტილებების მიღება.
ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მტკიცებულებები. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მაქსიმალურად მაღალი სანქციების გამოყენება ხდება, რადგან ხელისუფლება ცდილობს, რომ პროტესტის მონაწილეები შეაშინოს“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
რაც შეეხება სისხლის სამართლის წესით დაკავებულ აქციის მონაწილეებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა მათთან მიმართებაში გამოკვეთილ პრობლემურ გარემოებებზეც ისაუბრა.
„მე პოლიციელზე ძალადობას ვემიჯნები, თუმცა, ასევე ვემიჯნები პოლიციელის მხრიდან ძალადობას აქციის მონაწილის წინააღმდეგ. ჩვენ არცერთი დაკავებული პოლიციელი არ გვყავს, მათ შორის არაფორმალური დაჯგუფების წევრი, რომელიც, დიდი ალბათობით, ხელისუფლების დავალებით ძალაობდა. მეორე მხარეს არის დაკავებული აქციის მონაწილეები, სასამართლო პროცესებზე კი ჩანს, რომ დაკავებულებს უფრო მძიმე ბრალი აქვთ წარდგენილი, ვიდრე ეს მათ ჩაიდინეს, ნაწილის შემთხვევაში მტკიცებულებები არასაკმარისია. უმრავლესობის მიმართ კი პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. არსებობს დიდი ეჭვები, რომ ნარკოტიკული საშუალებების ჩადებაც მოხდა. მხოლოდ 2 შემთხვევაში მოხდა პატიმრობის შეცვლა, ისიც პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, ეს არის ალეკო ელისაშვილისა და ერთი არასრულწლოვანის საქმე.
სამწუხაროდ, კარგად ჩანს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ საგამოძიებო უწყებები, პოლიცია და სასამართლო. არცერთი ეს უწყება დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას არ იღებს. ხელისუფლება დგას სამართალდამცავ ორგანოებზე, პოლიციაზე. ერთი პოლიციელის პასუხისგებაში მიცემა ნიშნავს, რომ ხელისუფლების ძალაუფლებას დიდი საფრთხე ემუქრება. როცა უკანონო ბრძანება შენი გაცემულია და მისი შესრულების მერე პოლიციელს პრობლემებს შეუქმნი, მოტრიალდება და იტყვის: „შენ თუ მე მიჭერ, მაშინ მე ასეთი ტიპის ბრძანებებს არ შევასრულებ და შენ ძალაუფლებას აღარ დავიცავ“.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან გვესმის, რომ იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ, თუმცა არის საქმე, სადაც პოლიციები იდენტიფიცირებული არიან. გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან, რა გამოწვევების გამო ვერ ახერხებენ ამ საქმეებზე კონკრეტული პირების იდენტიფიცირებას და რა მასალები არ მიაწოდა შსს-მ. ანგარიში ჩააბარონ საზოგადოებას, რატომ ისჯება ერთ მხარეს ყველა მკაცრად და რატომ არ გვყავს მეორე მხარე არცერთი დამნაშავე.
ზოგადად, საქართველოს პარლამენტი ბოლო რამდენიმე წელია გადავიდა საკანონმდებლო შემოქმედების არასაკანონმდებლო ფორმაზე, რადგან ფორმა, როგორც ის კანონებს იღებს რამდენიმე დღეში, ასე კანონები არ მიიღება. იღებენ კანონებს, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. დღეს არც საერთო სასამართლოები და არც საკონსტიტუციო არ იღებს კანონისმიერ გადაწყვეტილებებს. პასუხისმგებლიან ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიღებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობდა“,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
ლონდა თოლორაია, ასევე, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმესაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც ჟურნალისტის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო, საქმე იმიტომ არ განიხილა, რომ იგივე გადაწყვეტილება უნდა დაეტოვებინა ძალაში და ამ გადაწყვეტილებით დისკომფორტი თავიდან აირიდა.
„პირველი ინსტანციის სასამართლომ იმდენი საკითხი არ მიიღო მხედველობაში, რა დროსაც მას პატიმრობა შეუფარდა, რომ სააპელაციო სასამართლოს ეს საქმე აუცილებლად უნდა განეხილა. პირველმა ინსტანციამ დააიგნორა ის ფაქტი, რომ ის უკანონოდ იყო დაკავებული ადმინისტრაციულად, რომ მზია ამაღლობელი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მზია არც მიიმალებოდა და არც პოლიციებზე ზემოქმედებას მოახდენდა. არ განიხილა იმიტომ, რომ ზუსტად იცოდა, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში უნდა დაეტოვებინა და ეს დისკომფორტია სასამართლოსთვის.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამ საქმეზე გამოძიება არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე კი არა, არამედ ირაკლი დგებუაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე დაიწყო, ეს კვალიფიკაცია არ არის სწორი. ირაკლი დგებუაძე აუცილებლად უნდა ჩამოშორდეს თავის თანამდებობრივ უფლებამოსილებას, რადგან ამ ფაქტის მოწმეები პოლიციელები არიან. საფრთხეები მაღალია, როცა პოლიციის მენეჯერის წინააღმდეგ უნდა მისცენ ჩვენება“,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
