“ბორჯღალოსნები” | “ედელვაისი” თბილისში

1 თებერვალს “ბორჯღალოსნები” 2025 წლის პირველ თამაშს თბილისში, “ავჭალაზე” გამართავს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტ შვეიცარიას 16 საათზე უმასპინძლებს.
საქართველოს შვეიცარიასთან აქამდე მხოლოდ ერთხელ, დამოუკიდებელი ქართული რაგბის გარიჟრაჟზე, 31 წლის წინ უთამაშია. 1994 წლის 4 ივნისს, ჩვენმა გუნდმა მე-13 თამაში შონ დე ფონში გამართა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 22:21 დაამარცხა.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი
შვეიცარიაში პირველი სარაგბო მატჩი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, 156 წლის წინ გაიმართა. ისე, როგორც მის მეზობელ ქვეყნებში – გერმანიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში, ლოზანას სარაგბო კლუბმა თავისი
პირველი თამაში 1869 წელს ჩაატარა. მიუხედავად ამისა, თამაშმა პოპულარობა ვერ მოიპოვა და 100-ზე მეტი წლის განმავლობაში დიდი განვითარება ვერ ჰპოვა.
შვეიცარიის რაგბის ფედერაცია 1972 წელს დაარსდა, თუმცა თავდაპირველად რაგბი უსისტემოდ ვითარდებოდა. შვეიცარიის ნაკრები 1973 წელს ჩამოყალიბდა და პირველი თამაში 11 აპრილს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართა (4:23). გუნდმა პირველი გამარჯვება 1975 წელს იზეიმა, როდესაც სერბეთისა და ჩერნოგორიის ნაკრებს 12:3 სძლია.
გუნდის თიკუნი “ედელვაისია” და ეს თეთრი ყვავილი შვეიცარიის რაგბის კავშირის გერბზეა წარმოდგენილი. ყველაზე დიდი სხვაობით შვეიცარიელები 1979 წელს მაროკოსთან დამარცხდნენ (0:43), თავად კი 2000 წელს ბელგია დაამარცხეს 90:9.
2000 წელს ის რაგბი ევროპის გათამაშების მესამე დივიზიონში ჩაერთო, 2016 წლიდან დღემდე კი რეგულარულად თამაშობდა მეორე დივიზიონში, ამჟამინდელ ალაფაზე, რომელიც შარშან პირველ ადგილზე დაასრულა და პირველად მოიპოვა ჩემპიონატის საგზური. შვეიცარიას არასდროს უთამაშია მსოფლიო თასზე, რეიტინგში კი 56,04 ქულით 30-ე ადგილზეა. რეიტინგში მას საუკეთესო შედეგი 2023 წელს ჰქონდა (26-ე ადგილი), ხოლო ყველაზე დაბალ პოზიციას 2010 წელს იკავებდა (67).
მოცემული მომენტისთვის შვეიცარიას დაახლოებით 30 სარაგბო კლუბი და 5 ათასი რეგისტრირებული მოთამაშე ჰყავს. აღსანიშნავია, რომ 2006/07 წლების სეზონში, ფრანგულმა “ბურგუენმა” იმხანად ჰეინეკენის თასის (ამჟამად ჩემპიონთა თასი) მატჩი ჟენევაში გამართა, ირლანდიურ “მანსთერს” უმასპინძლა და თამაშს 16 255 მაყურებელი დაესწრო.
Rugby.ge