„საქართველოს მთავრობამ გამოიყენა პოლიციის მხრიდან სასტიკი ძალადობა ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და მასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებების რეფორმებზე და მიიღო ახალი რეპრესიული კანონები“ – ეს არის ამონარიდი ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის (HRW) 2025 წლის ანგარიშიდან.
„ცალსახაა რომ პოლიცია ცდილობს საპროტესტო მუხტი ჩაახშოს. სასამართლო კი როგორც ნოტარიუსი ამოწმებს შსს პოზიციებს. ეს კი იმაზე მიუთითებს რომ სისტემა მაქსიმალურად ცდილობს შეზღუდოს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“ თამაზ კირტავა, საია
HRW ასკვნის რომ გასული წლის განმავლობაში, საქართველოში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან გაუარესებას ჰქონდა ადგილი, რაც ერთის მხრივ, განპირობებული იყო რეპრესიული, „რუსული“ კანონმდებლობის მიღებით და მეორეს მხრივ, მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობით.
„შსს-ს სპეცრაზმმა სცემა, დაედევნა და დააკავა დიდწილად მშვიდობიანი მომიტინგეები. ცემაში მონაწილეობდნენ, სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან ასოცირებული ძალადობრივი ჯგუფები“ – წერია ანგარიშში. HRW შეფასებით, „ქართული ოცნების“ მოქმედებამ საქართველოში ადამიანის უფლებების კრიზისი გამოიწვია.
„საპროტესტო მოძრაობის საწყის ეტაპზე, რომელიც განსაკუთრებით, გასული წლის 28 ნოემბერს აგორდა, პოლიციის მხრიდან, როგორც დაკავების მომენტში, ისე დაკავების შემდგომ, აშკარა იყო ძალადობის ისეთი მძიმე ფორმები, როგორიც არის წამება, რომელიც აბსოლუტურად აკრძალულია ადამიანის უფლებათა სამართლით“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების პროგრამის ანალიტიკოსმა თამაზ კირტავამ.
მისი თქმით, „ცალსახაა რომ პოლიცია ამ უკანონო და თვითნებური დაკავებებით ცდილობს საპროტესტო მუხტი ჩაახშოს. შემდეგ, სასამართლოშიც უგულვებელყოფილია სამართლიანი სასამართლოს პრინციპები ანუ სასამართლო როგორც ნოტარიუსი ამოწმებს შსს პოზიციებს და ბოლო დროს, იყენებს საკმაოდ მკაცრ სანქციებს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სისტემა მაქსიმალურად ცდილობს შეზღუდოს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“ – მიაჩნია თამაზ კირტავას.
„საქართველოს ხელისუფლებას დაუნდობლად შეჰყავს ქვეყანა რეპრესიულ ეპოქაში, რომელიც საქართველოსთვის უცნობია, თუმცა ძალიან ნაცნობია ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის“ ჰიუ უილიამსონი, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორი
„საქართველოს ხელისუფლებას დაუნდობლად შეჰყავს ქვეყანა რეპრესიულ ეპოქაში, რომელიც საქართველოსთვის უცნობია, თუმცა ძალიან ნაცნობია ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის“ – აღნიშნავს Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორი ჰიუ უილიამსონი.
„რამდენიმე ასეული აქციის მონაწილე უმნიშვნელო სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს. ბევრმა პატიმრობაში ცემისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა, ათეულობით ადამიანს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა“ – ვკითხულობთ Human Rights Watch-ის 2025 წლის ანგარიშში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროევროპულ აქციებზე 500-ზე მეტი მოქალაქე დააკავა. აქედან 50-მდე მომიტინგე სისხლის სამართლის მუხლით არის დაკავებული, მათ შორის, „ახალი თეატრის“ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეც. იგი 2024 წლის 6 დეკემბერს დააკავეს და 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭიჭინაძეს და კიდევ 10 პირს, “ჯგუფურ ძალადობაში” მონაწილეობას ედავება, არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს რომ შვილის დაპატიმრების პარალელურად, მისი ოჯახის გაშავების კამპანიაც მიმდინარეობს.
„საზოგადოების საყვარელი ადამიანების გაშავება უნდათ და წარმოჩენა, რომ ესენი ტყუილად კი არ დავიჭირეთ, ესენი არიან ქვეყნის მაოხრებლებლები, ოჯახებიც ასეთი ჰყავთ, რომ დააჯერონ საზოგადოებას, რომ ეგრე კი არ არის, ესენი რო ამბობენ, ისეა, როგორც ჩვენ ვამბობთ.
