ბათუმელების ოპერატორმა გურამ მურვანიძემ დაკავებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის საქმეზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ის ჰყვება, რომ 12 იანვარს საპროტესტო აქციის გადაღების დროს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან ირაკლი დგებუაძეს უთხრა, რომ ბათუმელების თანამშრომელი იყო.
გურამ მურვანიძის თქმით, ირაკლი დგებუაძემ დაკავებისას პოლიციელებს მიმართა, ენახათ, თუ რას იღებდა და ჩამოერთვათ მისთვის ტელეფონი, ასევე, წაეშალათ მასალა. ის ამბობს, რომ ადმინისტრაციული პატიმრობიდან გამოსვლის მეორე დღეს, როდესაც პირადი ნივთების ასაღებად მივიდა – ტელეფონში ყველაფერი წაშლილი იყო, მათ შორის, აპლიკაციები.
გურამ მურვანიძე მისთვის პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლასა და პირადი მონაცემების უკანონო მოპოვებაზე საგამოძიებო უწყებებში ჩივის. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
“12 იანვარს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან ვიღებდი საპროტესტო აქციას, რა დროსაც ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დამაკავეს. თქვენ იცით ონლაინ მედიის მუშაობის სპეციფიკა, მე მობილური ტელეფონით ვახორციელებდი ვიდეო-გადაღებას, რა დროსაც ხელი ზემოთ მქონდა აწეული და ვიღებდი პროცესს, როდესაც პროტესტის მონაწილეების დაკავება მიმდინარეობდა. ჩემკენ შემოტრიალდა ირაკლი დგებუაძე, მკითხა, თუ ვინ ვიყავი და ვუთხარი, რომ მე ვიყავი ბათუმელების თანამშრომელი, მან იქვე პოლიციელებს მიმართა, ენახათ, თუ რას ვიღებდი, ჩამოერთვათ ჩემზე ტელეფონი, წაეშალათ და ასევე, დავეჭირე.
მე მოვასწარი ტელეფონის დაბლოკვა, პოლიციელებმა წამიყვანეს ავტომობილისკენ, სადაც ჩამსვეს და აქ იყო ჩემზე სიტყვიერი შეურაცხყოფა – “მომეცი ტელეფონი, რას იღებ, გვაჩვენე, გაუშვი ტელეფონს ხელი, ხელებს მოგამტვრევ ბიჭო, გაუშვი დროზე ხელი, ხომ გეუბნებით”. ამის შემდეგ გადამიყვანეს პოლიციის სამმართველოში, შეადგინეს ჩემი დაკავების ოქმი, აღწერეს ჩემი პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი და იქ აღმოაჩინეს, რომ საფულეში მქონდე პრეს ბარათი და იქვე მითხრეს, რომ უი, თქვენც ჟურნალისტი ხართო და ვუთხარი, რომ ვიყავი ოპერატორი. შემდეგ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მქონდა, რაც როდესაც გადამიყვანეს იზოლატორში, 20 რიცხვში დავტოვე იზოლატორი და 21 რიცხვში სამმართველოში მივედი პირადი ნივთების გამოსატანად.
დამიბრუნეს პირადი ნივთები, გამოვედი, ჩავჯექი ავტომობილში და ჩავრთე ჩემი ტელეფონი – აღმოჩნდა, რომ ჩემი მობილური ტელეფონიდან იყო ყველაფერი წაშლილი, მათ შორის ის ვიდეოები და Apple-ის აპლიკაციები, აბსოლუტურად ყველაფერი იყო განადგურებული. ჩვენ რა თქმა უნდა მივმართეთ საგამოძიებო სამსახურებს ამის შესახებ”, – ამბობს ის.