რუსული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

გასულ ღამეს, ოდესის სამოქალაქო პორტებზე თავდასხმის დროს, რუსული უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა – ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რადარებმა დააფიქსირეს სულ მცირე ერთი რუსული დრონი, რომელიც რუმინეთის საჰაერო სივრცეში, ტულჩეას ოლქში შევიდა დაბალ სიმაღლეზე ფრენის დროს. აღნიშნული ოლქი უკრაინის ქალაქ იზმაილს ესაზღვრება. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა ჯგუფებმა დღეს დილით, დრონის ჩამოვარდნის ადგილას 1,5 მ სიღრმის კრატერი აღმოაჩინეს. აპარატი დაუსახლებელ ადგილას, ქალაქ გრინდუდან დაახლოებით 4 კილომეტრში ჩამოვარდა.
“ეროვნული თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად გმობს ს ფედერაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს უკრაინის პორტებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ელემენტებზე. ეს თავდასხმები არის გაუმართლებელი და სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესებთან” – აცხადებს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო.
რუმინეთმა მომხდარზე გამოძიების ჩატარების მიზნით, მტკიცებულებების შეგროვება დაიწყო.
შეგახსენებთ, რუსეთმა გასულ ღამეს ოდესაზე მასიური საჰაერო იერიში მიიტანა. დაბომბვისას სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი ნატოს წევრი ქვეყნის, რუმინეთის საჰაერო სივრცეს არღვევს.