“საქართველო აღარ განიხილება როგორც მიმართულება, სადაც შეიძლება საქმიანი ღონისძიებები ჩატარდეს” – ასოციაცია

საქმიანი ტურიზმისთვის 2024 წელი პოზიტიურად დაიწყო, წინასწარი პროგნოზით მონაცემები პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებლებს უბრუნდებოდა – ამის შესახებ “საქმიანი დილას” ეთერში საქმიანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი, ირმა კოდუა საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, წარმატებული დასაწყისის მიუხედავად, მაისიდან ქვეყანაში ვითარება შეიცვალა, რამაც სექტორზე მყისიერი გავლენა იქონია.
ირმა კოდუა აღნიშნავს, რომ დღესდღეობით საერთაშორისო ბაზარზე საქართველო აღარ განიხილება, როგორც მიმართულება, სადაც კორპორაციული ღონისძიებების დაგეგმვაა მიზანშეწონილი.
“2024 წლის პირველი ნახევარი, მაისამდე, საკმაოდ კარგად მიდიოდა, ტენდენცია იყო იმის, რომ ვუბრუნდებოდით პანდემიამდელი 2019 წლის მაჩვენებლებს, თუმცა მაისში, როგორც კი დაანონსდა საკანონმდებლო ცვლილებები და დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, რა თქმა უნდა, მაშინვე უარყოფითი ეფექტი ვნახეთ. დაიწყო ჯავშნების გაუქმებები, გაუქმება თუ არა, ღონისძიებების სექტემბრისთვის გადადება მაინც.
საქმიანი ტურიზმისთვის ძირითადი სეზონი გაზაფხული და შემოდგომაა. გასული წლის შემოდგომაზე დაგვეწია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი, რომელიც ასევე აისახა ჩვენს რეგიონზე. იქიდან გამომდინარე, რომ დაწესდა ფრენების შეზღუდვები, საკმაოდ ბევრი ღონისძიება გაუქმდა ამ სეზონზეც. ოქტომბრის ბოლოს დაიწყო ჩვენი შიდა პოლიტიკური კრიზისიც და, შესაბამისად, ამ ეტაპზე, 2025 წელს სრული გაურკვევლობით ვხვდებით. ძალიან ბევრია გაუქმება, მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო. კორპორაციული ღონისძიებების დაგეგმარება ხდება ამ სეზონზე, იანვარ-თებერვალში, და საქართველო, ამ ეტაპზე, არ განიხილება, როგორც მიმართულება, სადაც შეიძლება ღონისძიებები ჩატარდეს პირველ კვარტალში”, – ამბობს ირმა კოდუა.
როგორც ასოციაციის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ხვალვე გადაიჭრება, ტურიზმის ინდუსტრიას 6 თვე და ინტენსიური მუშაობა დასჭირდება იმისთვის, რომ საქმიანი პროცესები აღადგინოს.
“იდეალურ სცენარში, ხვალვე რომ დალაგდეს სიტუაცია, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე რაღაც გადაწყვეტილებები მიღებულია, ბიუჯეტები შედგენილია, მინიმუმ 6 თვე იქნება საჭირო ამ პროცესის შემობრუნებისთვის, აქტიური მუშაობის პირობებში. აქტიურ მუშაობაში იგულისხმება ქვეყნის მარკეტინგი, სხვადასხვა ტიპის შეხვედრებსა და გამოფენებზე აქტიური გამოჩენა ჩვენი ავთენტური პროდუქტებით… კონკურენცია საკმაოდ ძლიერია, აქედან გამომდინარე, მინიმუმ 6 თვე იქნება საჭირო, რომ პროცესები აღდგეს”, – განმარტავს ირმა კოდუა.
ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით, გასულ წლებში საქართველოში საქმიანი ღონისძიებების დაგეგმვით გალფის ქვეყნებიდან და თურქეთიდან მზარდი ტენდენცია შეინიშნებოდა. კოდუას თქმით, დღეს პოპულარულ მიმართულებებად სომხეთი და აზერბაიჯანი, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მიიჩნევა, საქართველო კი ამ სიიდან ჯერჯერობით ამოვარდნილია.