ლაზარე გრიგორადისის დედა, თამთა კალანდაძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ლაზარეს დანაშაული არ უღიარებია. ის მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
“ლაზარეს ინტერვიუ დაჭრეს და ისე გადააკეთეს და გადმოაკეთეს, როგორც აწყობდათ. სარკასტულად თქვა: “პოლიციელი მე დავწვი, ჰიჰიჰი, მრავალწერტილი” და ეს არის ჩასმული, მე როგორც ვიცი […] ლაზარეს მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ყოველ ჯერზე ირღვევა. ვისზე მუშაობენ, არ ვიცი. თავის საქმეს აკეთებენ, მაგრამ როდემდე შერჩებათ, არ ვიცი”. – ამბობს კალანდაძე ტაბულასთან საუბარში.
Interpressnews-მა ლაზარე გრიგორიადისის ინტერვიუ გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა წერს, ლაზარემ მათ კითხვებზე პასუხები გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან მისწერა.
ბრალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რაც პოლიციელის მიმართ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ეხებოდა, ლაზარეს პასუხის დროს, თავდაპირველად, IPN-ს ციტატაში არ ეწერა “ჰიჰიჰი, უდანაშაულობის პრეზუმფცია”… და ციტატა შემდეგნაირად იყო ჩასმული: “მე ვისროლე „მოლოტოვი“. მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, „ლევომეკოლს“ წავუსვამ და „babuska boi”-ს მოვასმენინებ. მოგვიანებით კი, IPN-მა ეს ციტატა ჩაასწორა და ლაზარეს პასუხი შემდეგნაირად დაწერა: “„მე ვისროლე „მოლოტოვი“ ჰი, ჰი, ჰი. როგორც ჩანს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ არის საკმარისი. მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, „ლევომეკოლს“ წავუსვამ და „babuska boi”-ს მოვასმენინებ.
ასევე, IPN-ის ინტერვიუს გავრცელების შემდეგ, სამთავრობო ტელეკომპანია იმედმა Facebook-ზე ქარდი გამოაქვეყნა, რომელზეც ეწერა: “გრიგორიადისი აღიარებს, რომ მოლოტოვის კოქტეილით პოლიციელს ცეცხლი წაუკიდა, თუმცა, ჩადენილს არ ნანობს”. მოგვიანებით, ტელეკომპანიამ ქარდი წაშალა.