აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა, მემოკოინ $TRUMP-ი გამოუშვა. ჩაშვების პირველი დღიდან მომხმარებლისთვის 200 მილიონი მონეტა არის ხელმისაწვდომი, სამი წლის განმავლობაში დაგეგმილია რაოდენობის მილიარდამდე ზრდა. Coinmarketca-ზე თბილისის დროით 15:30 საათზე 1 $TRUMP მემეკოინის ფასი 41 დოლარს შეადგენს.
ვიყიდოთ თუ არა დონალდ და მელანია ტრამპების კრიპტოვალუტა
„ბიზნესპრესნიუსთან“ კრიპტო ბაზრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა თოდუა აცხადებს, რომ ტრამპის და მელანიას მემე კოინები საინვესტიციო პორტფელის ნაწილად ვერ განიხილება. მისი თქმით, აღნიშნულ მემე კოინებს ამ ეტაპზე გასართობი/კულტურული სახე აქვს.
„ე.წ მემე კოინებს არ აქვს ისეთი დანიშნულება როგორიც აქვს ბიტკოინს. ბიტკოინი სხვა ღირებულებათა სისტემის გამო შექმნეს, მას ფასის და შინაარსის კუთხით სხვა დატვირთვა აქვს. ტრამპის და მისი მეუღლის მიერ გამოშვებული ტოკენები არის ე.წ მემე კოინები, შესაბამისად, მისი ღირებულება უფრო კულტურული ნაწილი გახლავთ.
ზოგადად ჩვენ ფინანსურ რჩევა ვერ გავცემთ, თუმცა ტრამპს და მელანიას თვითონაც უწერიათ, რომ მათი კოინი არის მემე სახით და კულტურული, გასართობი საკითხია. ეს საინვესტიციო პორტფელის ნაწილად ვერ განიხილება. ბიტკოინი შეიძლება განიხილებოდეს ინსტიტუციების მიერ საინვესტიციო აქტივად, მაგრამ ამ ეტაპზე ტრამპის და მელანიას მემე ტოკენი ამ კუთხით არ განიხილება, თუმცა ბაზარზე ვინც აქტიურად ვაჭრობს და ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს, რა თქმა უნდა, ასეთი სპეკულატიური აქტივებით ადამიანების ნაწილი შოულობს ფულსაც, მათ შორის საქართველოში“, – განაცხადა ნიკა თოდუა.
ცნობისთვის, მემეკოინი კრიპტოვალუტის ნაირსახეობაა, რომელიც პოპულარული მემების, ხუმრობების ან ინტერნეტ-კულტურის საფუძველზე არის შექმნილი. ტრადიციული კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, როგორიც ბიტკოინი ან ეთერიუმია, მემეკოინები მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ინოვაციებს ან ფუნდამენტურ ღირებულებას ხშირად მოკლებული არიან. მათი პოპულარობა და ღირებულება, როგორც წესი, ჰაიპით, ცნობილი ადამიანების ან სოციალური მედიის საზოგადოების მოწონებებით არის განპირობებული.
მემეკოინის მაგალითი Dogecoin-ია, რომელიც ხუმრობის სახით შეიქმნა, მაგრამ ონლაინ-საზოგადეობისა და ისეთი ცნობილი ადამიანების აქტიური მხარდაჭერის შემდეგ, როგორიც ილონ მასკია, ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა გახდა. მემკოინების ღირებულება შესაძლოა, სპეკულაციების გამო სწრაფად გაიზარდოს. ამავე დროს არასტაბილურობის გამო, ისინი ინვესტორებისთვის მაღალ რისკებს შეიცავენ.
www.bpn.ge