20 იანვარს BAG-ის სამეთვალყურეო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართა – რა იყო მთავარი საკითხი?

როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, 20 იანვარს, საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) სამეთვალყურეო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რაც BAG-ის საზოგადოებასთან კომუნიკაციის დეპარტამენტშიც დაუდასტურეს.
ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით BAG-ის მხრიდან პოზიციის დაფიქსირება-არდაფიქსირება იყო.
როგორც ირკვევა, BAG-ის წევრი იმ კომპანიების ხელმძღვანელებმაც, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების მიმართ და პლატფორმა freebusiness.ge-ის მოთხოვნებს იზიარებენ, განაცხადეს, რომ BAG-მ საჯარო პოზიცია არ უნდა გამოხატოს.
“შანსი არაა, ამდენი განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონე ბიზნესმენმა ერთობლივი განცხადება დავდოთ, რომელიც იქნება კონკრეტული და არა – არაფრისმთქმელი… ამიტომ BAG-მ პოზიცია არ უნდა დააფიქსიროს” – განაცხადა BMG-სთან თორნიკე აბულაძემ, “არსის” აქციონერმა.
„მეც მივედი იმ აზრამდე, რომ არ იქნება სწორი, BAG-მ განცხადება გააკეთოს… BAG-ის მიზანია, საკუთარი წევრების ინტერესის დაცვა ნებისმიერი ხელისუფლების წინაშე“ – ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი, BDO-ს მმართველი პარტნიორი.
„BAG-ის მთავარი მისია თავისი წევრების ადვოკატირება და მოვლა-პატრონობაა… არ მაქვს მოლოდინი, რომ BAG-ის განცხადება რამეს შეცვლის“, – აცხადებს ბექა ბექაიაც, კომპანია “ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორი, რომელიც ასევე Freebusiness.ge-ის მოთხოვნებს იზიარებს.
ინფორმაციისთვის: 2009 წელს დაფუძნებული BAG 130-მდე ბიზნესჯგუფს აერთიანებს. ორგანიზაციის მთავარი დანიშნულებაა წევრი კომპანიების ლეგიტიმური და ობიექტური ბიზნესინტერესების წარდგენა და დაცვა ხელისუფლებასთან.