“არ მაქვს მოლოდინი, რომ BAG-ის განცხადება რამეს შეცვლის” – ბექა ბექაია

ახალი და პატიმრების გათავისუფლება – ასე ხედავს პოლიტიკური კრიზისის დასრულების გზას კომპანია „ნუტრიმაქსი“ და მისი მმართველი პარტნიორი ბექა ბექაია, მაგრამ როგორც BAG-ის წევრი, არ მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საქართველოს ბიზნესასოციაციამ (BAG) ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოზიცია დააფიქსიროს.
„საქართველოს ბიზნესასოციაციის მთავარი მისია თავისი წევრების ადვოკატირება და მოვლა-პატრონობაა… თან არ მაქვს მოლოდინი, რომ BAG-ის განცხადება რამეს შეცვლის“, – განაცხადა მან BMG-სთან.
საქმე ის არის, რომ როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, 20 იანვარს BAG-ის წევრების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილვის ერთ-ერთი თემა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით BAG-ის მხრიდან პოზიცია დაფიქსირება-არდაფიქსირება იყო. ჩვენი ინფორმაციით, იმ კომპანიების ხელმძღვანელებმაც, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების მიმართ, განაცხადეს, რომ BAG-მ საჯარო პოზიცია არ უნდა გამოხატოს.
მათ შორის ერთ-ერთი იყო „ნუტრიმაქსი“ და მისი მმართველი პარტნიორი ბექა ბექაია. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ თავად „ნუტრიმაქსი“ პლატფორმა freebusiness.ge-ის მოთხოვნებს უერთდება და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნა და პატიმრების გათავისუფლებაა.
– ზოგადად, BAG რაღაც პოზიციას ალბათ უნდა აფიქსირებდეს, მაგრამ საქმე ისაა, რომ საზოგადოებიდან არის ერთგვარი მოთხოვნა თუ დაკვეთა, რომ გააკეთოს მკაცრი განცხადება… შარშან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რომ განიხილებოდა, BAG-მ გააკეთა განცხადება, რომელიც ჩემი აზრით, გაწონასწორებული იყო, მაგრამ არავის მოეწონა. ახლაც მგონია, რომ როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, კმაყოფილი ყველა ვერ იქნება. ჩემი აზრია, რომ ასოციაცია არის ცალკე ორგანიზაცია და წევრ ბიზნესებს პირდაპირ არ უნდა დაუკავშირონ. BAG-ის წევრი კომპანიები, ვისაც აქვს სურვილი, თავის პოზიციას აფიქსირებს, მათ შორის ჩვენი კომპანიაც; სხვებიც აფიქსირებენ, ზოგი არ აფიქსირებს, ზოგს კი, საერთოდაც საპირისპირო აზრი აქვს. მე მაინც მგონია, რომ ასოციაციის მთავარი მისიაა, თავისი წევრების ადვოკატირება, მოვლა- პატრონობა.. ჩვენი კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ბიზნეს-ასოციაციასთან, რადგან გვინდა-არგვინდა კანონმდებლობაში უამრავი ხარვეზია, უამრავი გაურკვევლობაა და გვიწევს კომუნიკაცია საჯარო უწყებებთან. BAG-ს საჭირო უნარები აქვს და ეფექტიანად და სწრაფად გვეხმარებიან იმაში, რომ მივიდეთ, დაველაპარაკოთ, ავუხსნათ [მთავრობას]; მოკლედ, ძალიან საქმიანი პროცესი მიდის და ჩვენს ინტერესებშიც არ არის, რომ საკომუნიკაციო არხები გაწყდეს.
– ერთგვარი შიში გაქვთ, რომ BAG საჯარო განცხადებას თუ გააკეთებს, შემდეგ მთავრობა მტრულად აღგიქვამთ?
– ისეთ გარემოში ვართ, არავინ იცის, ვინ რას როგორ გაიგებს. ადამიანები რომ საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ, ესეც ზოგჯერ პრობლემაა და ბევრი ვერ იღებს ხმას, მით უმეტეს – ბიზნესი… ბიზნესი მაინც შიშის ქვეშაა – წარსულის გამოცდილებაც „გვეხმარება“, თუმცა ჩვენ მაინც რაღაცას ვბედავთ და ვამბობთ… მეორე საკითხია, ბიზნესასოციაციის თუნდაც ძალიან მწვავე განცხადება რამეს შეცვლის?! მე პირადად, არ მაქვს ეს მოლოდინი. ნახევარი მსოფლიო და საზოგადოება მოუწოდებს ხელისუფლებას გადადგას ნაბიჯები, მაგრამ არაფერია შედეგი და არ მგონია, ცალკე BAG-ის მოწოდებამ [რამე შეცვალოს]…
– თუმცა თუ ყველაზე მსხვილი ბიზნესასოციაცია პოზიციას დააფიქსირებდა და წევრი კომპანიების კვლევა-გამოკითხვაზე დაფუძნებით იტყოდა, რა ემუქრება ეკონომიკას 3 ან 6 თვეში თუ პოლიტიკური კრიზისი არ დასრულდა, ამას სხვა ფასი ექნებოდა…
– კონკრეტულ ბიზნესებს შეუძლიათ პოზიცია დააფიქსირონ. ცალ-ცალკე არცერთ კომპანიას არ აქვს ვალდებულება BAG-ის მიმართ და ყველა ბიზნესი თავისუფალია. მეც და ჩემი კომპანიაც ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი გუნდის მიმართ პოზიტიურად ვართ განწყობილი – პროფესიონალებით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა, ვიცი მათი განწყობები და ქვეყნის მომავალსაც ერთნაირად ვუყურებთ…
– მოკლედ, მთავარი ფაქტორი, რატომაც მიხვედით იმ დასკვნამდე, რომ სჯობს, BAG-მ პოზიცია არ დააფიქსიროს არის ის, რომ BAG ლობისტური ორგანიზაციაა თუ “უხერხემლო განცხადებას” სჯობს, საერთოდ არაფერი თქვას?… სავარაუდო განცხადების ტექსტი ნახეთ და არ მოგეწონათ?
– მგონია, რომ ზოგადად, პოზიციის დაფიქსირება და საზოგადოებასთან კომუნიკაცია ცუდი არ არის. შეიძლება, კომპლექსების თემაა – რა უნდა თქვა ისეთი, რომ ყველას მოაწონო თავი… მაინც მგონია, რომ კომუნიკაცია, ოღონდ არ ვიცი, როგორი, საზოგადოებასთან აუცილებელია, თუმცა რაღაც ემოციური განცხადების გაკეთება, რომელიც ვიღაცებს ესიამოვნებოდა და მეც მათ შორის, შეიძლება, პრაგმატული თვალსაზრისით არ იყოს გამართლებული.