თებერვალში სასტუმროს 95% უკვე დაჯავშნილია, – ამის შესახებ სასტუმრო Gudauri Diamond-ის დამფუძნებელმა გიორგი ხუციშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე თქმით, გუდაურში ზამთრის სეზონზე დამსვენებლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. როგორც გიორგი ხუციშვილი აღნიშნავს, ახალი წლის პერიოდში სასტუმრომ 100%-იანი დატვირთულობით იმუშავა.
“ახალი წლის პერიოდში გუდაურში ყოველთვის არის დამსვენებელი, თუმცა 2023 წლის ზამთრის სეზონთან შედარებით, რაოდენობა დაახლოებით, 30%-ით არის გაზრდილი. ახალი წლის პერიოდში 100%-იანი დატვირთულობით ვიმუშავეთ. ჩვენი მომხმარებლების 100% უცხოელები არიან. მათ შორის, ევროპიდან და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რა თქმა უნდა, მოქმედებს ჩვენს ბიზნესზე. მომხმარებლები მიკავშირდებიან და გარკვეული შიშები აქვთ, თუმცა ვარწმუნებთ, რომ საქართველოსი მოგზაურობა და ჩამოსვლა უსაფრთხოა”, – აცხადებს გიორგი ხუციშვილი.
სასტუმროს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ გუდაურში ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რომლის მოგვარების შემდეგ კურორტის მიმართ ტურისტული ინტერესი გაიზრდება.
ცნობისთვის, სასტუმრო Gudauri Diamond-ი 4 წელია რაც ბაზარზეა და 12 სასტუმრო ნომერს მოიცავს. ჯამში სასტუმროს 30 სტუმრის მიღება შეუძლია.