განვითარების ამ ეტაპამდე დონორი ორგანიზაციების დახმარებით მივედით – გიგა ფაიქიძე

Smeda-ს აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი, გიგა ფაიქიძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ საქართველოს განვითარებაში დონორი ორგანიზაციების წვლილი არის ძალიან დიდი.
მისივე ცნობით, ამ ეტაპზე, პროგრამები რაც კომპანიის ჩართულობით ხორციელდება, არ გაჩერებულა და ფაიქიძე იმედს იტოვებს, რომ დონორი ორგანიზაციების მხრიდან რაიმე შეფერხებას ადგილი არ ექნება.
„დონორი ორგანიზაციების როლი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მათი დახმარებების, არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით, ასევე ცოდნის, ექსპერტიზისა და გამოცდილების და ა.შ. დამსახურებით ჩვენ მოვედით იქამდე, სადაც ვართ. მათი წვლილი ამ საქმეში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, დღესაც ისინი ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით განვითარდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესზე ვსაუბრობთ, რომლის მიმართულებითაც მათი ძალიან დიდი რესურსი იხარჯება. ჯერჯერობით ეს ტენდენცია გრძელდება და ვიმედოვნებ, ეს ასეც გაგრძელდება.
ის პროგრამები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებდით და ვახორციელებთ, არ გაჩერებულა. გამიჭირდება იმ პროგრამებზე საუბარი, სადაც არ ვართ ჩართული. თუმცა იმედს გამოვთქვამ, რომ ამ კუთხით არანაირი შეფერხება არ იქნება“, – ამბობს Smeda-ს აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი.