ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახალი გლემპინგი Sairme Gate გაიხსნა – გეგმები

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაფენილში ახალი ტურისტული ობიექტი, გლემპინგი Sairme gate (საირმის კარიბჭე) გაიხსნა. როგორც ობიექტის დამფუძნებელი, გიორგი ჩაჩუა BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, ტურისტული დანიშნულების ადგილი დაახლოებით ერთი თვეა საირმის ხეობის სიახლოვეს ფუნქციონირებს. ობიექტის გახსნას 100,000 ლარის ინვესტიცია დასჭირდა.
“ამ ეტაპზე, ერთ გლემპინგში შესაძლებელია 4 ადამიანის განთავსება. სამომავლო პერსპექტივაში კი კიდევ სამი გლემპინგის დამატებას ვგეგმავთ, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობა უკვე აქვს”, – აღნიშნა გიორგი ჩაჩუამ.
ობიექტი მთის ფერდობზე, მდინარესთან ახლოს მდებარეობს, საიდანაც მეპატრონის თქმით, უნიკალურ ხედები იშლება. ამ სეზონზე, გლემპინგში განთავსება საშუალოდ 300 ლარი ღირს, თუმცა ფასები სეზონისა და სტუმრების რაოდენობის მიხედვით შეიცვლება.
ამჟამად, Sairme Gate-თან კვების სერვისი არ არის წარმოდგენილი, თუმცა როგორც ჩაჩუა აღნიშნავს, ობიექტის მახლობლად კვების ობიექტები უკვე არსებობს, რომელთანაც გაზაფხულიდან თანამშრომლობას გეგმავს.
“უკვე გვყავდა როგორც ადგილობრივი, ასევე სტუმრები ევროპიდან, კერძოდ საფრანგეთიდან. ამჟამად ობიექტი 30%-ით არის დატვირთული და თებერვლისთვის უკვე გვაქვს წინასწარი ჯავშნები”, – ამბობს ჩაჩუა.
აღსანიშნავია, რომ გლემპინგი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლის ფუნქციები “ჭკვიანი სახლის” პრინციპზეა შექმნილი. “ჩვენი ტურისტული ობიექტი დახვეწილია და გააჩნია “სმარტ” ტექნოლოგიები, მათ შორის ავტომატური კარის და განათების სისტემები”, – აღნიშნავს გიორგი ჩაჩუა.
ახალი ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ სამომავლოდ Sairme Gate-ი ტურისტულ კომპლექსად ჩამოყალიბებას გეგმავს.