გახარია-საქართველოსთვის: თავდასხმის ჩანაწერები პროკურატურამ სერვერებიანად წაიღო

პარტია გახარია-საქართველოსთვის განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარეზე გიორგი გახარიაზე თავდასხმიდან ამ დრომდე Sheraton Batumi უარს აცხადებს ვიდეოკამერების გადმოცემაზე.
პარტიის განცხადებითვე, ცოტა ხნის წინ Sheraton Batumi-სგან გაიგეს, რომ ჩანაწერები განჩინებით სრულად სერვერებიანად პროკურატურამ წაიღო, წაღებულია ვინჩესტერებიც და მათ ჩანაწერის ასლი აღარ აქვთ.
“გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმიდან ამ დრომდე შერატონი უარს აცხადებს ვიდეოკადრების გადმოცემაზე, რისი მიღების უფლებაც ჩვენ გვაქვს. შერატონის ხელმძღვანელობა გვარწმუნებდა, რომ ჩანაწერები არსებობს და ასლი აუცილებლად შეინახება მათთან მაშინაც კი, როცა გამოძიება განჩინებით ამოიღებს ჩანაწერებს. პარალელურად შერატონ ბათუმის მენეჯერი ოფიციალურ პასუხს არ გვიბრუნებს და ჩვენს წარმომადგენელს იურისტებთან კონსულტაციის “მიზეზით” ისტუმრებს.
გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს შევთავაზეთ გიორგი გახარიას გამოკითხვა. პასუხის დაბრუნებას ზუსტად 3 საათი დასჭირდა. 3 საათის თავზე გავიგეთ, რომ საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. გუშინვე შედგა პროკურორთან კომუნიკაცია, რომელთანაც დაფიქსირდა დღეს გამოკითხვის მზაობა. ამის შემდგომ პროკურატურა მიუწვდომელი გახდა კომუნიკაციაში.