ბიზნესმენი, ტელეკომპანია იმედის დამფუძნებელი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ სპეცრაზმელების მიერ 29 ნოემბრის ღამეს გურამ როგავაზე თავდასხმა არ გააშუქეს, რადგან მეორე დღეს ნაცემი ჟურნალისტის მიერ კლინიკიდან გაკეთებული განცხადება არ მოეწონათ.
“როგავა, თუ არ ვცდებით, არ ვანახეთ, იმიტომ რომ, რაღაც თქვა იმედმა მცემაო თუ ჩიხლაძემ მცემაო და მაგაზე გადაწყვიტეს, რომ ამაზე საერთოდ არ მივცეთ ეთერი და დანარჩენი, ყველაფერი ვანახეთ, რამდენადაც მე ვიცი. როგავა არ გავუშვით, იმედმა თვითონ გადაწყვიტა, ჩვენ ყველაფერს ვანახებთ, მაგრამ ახლა ეს რატომ ვალაპარაკოთ, იმიტომ რომ იმედს ურტყამს და ჩიხლაძემ მცემაო [ამბობს], თუ რაღაც. არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ რაღაც ეგეთი თემა იყო”, – ამბობს ირაკლი რუხაძე.
29 ნოემბერს აქციის დაშლის დროს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ფორმულას ჟურნალისტ გურამ როგავას სპეცრაზმელი თავს დაესხა და გამიზნულად თავში ჩაარტყა. შემთხვევის შედეგად მან კისრის მალა მოიტეხა, დამტვრეული ჰქონდა სახის ძვლები.
თავდასხმიდან მეორე დღეს, ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ჩაერთო ფორმულას და თქვა:
“იცი რაზე მწყდება გული?! ახლა რაც კლინიკაში ვარ და მთხოვეს, რომ გაუნძრევლად ვიყო, ვფიქრობ ჩემს მეგობრებზე, შენს [ვახო სანაია] მეგობრებზე, რომლებიც ახლა სხვა ტელევიზიებში მუშაობენ და ვფიქრობ იმ წლებზე, რაც ერთად გამოვიარეთ, რა ღირებულებებიც გვქონდა. რასაც ვეწინააღმდეგებოდით, რასაც ვებრძოდით მუდმივად, რის გამოც ვიცვლიდით სამსახურებს, რომ სადაც მეტი თავისუფლება იყო, სადაც უფრო მეტი სივრცე იყო თავისუფალი სიტყვისთვის, იქ ვინაცვლებდით.
ამ ადამიანებმა დღეს რანაირად მოირგეს ეს როლი, რომ ვერაფერს ხედავენ, ვერაფერს ამჩნევენ. იცი რა, მე არ მაინტერესებს, ის ნიღბიანი ვინ არის, საერთოდ არ ვბრაზდები მაგ ნიღბიანზე. ეს არ იყო სპეცრაზმელი.
იცი მე ვინ მცემა დღეს იქ, ვინ ჩამარტყა? ირაკლი ჩიხლაძემ, იმედის ჟურნალისტმა, ჩემი ბავშვობის მეგობარმა. მე მცემა დღეს და გონება დამაკარგინა იქ პირველი არხის თანამშრომლებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემი მეგობრები იყვნენ. მე იქ მცემა რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობამ, რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა მცემეს დღეს მე იქ. სადაც მიმუშავია, იმ ადამიანებმა მცემეს და მათ მადლობა. ამ სპეცრაზმელს არაფერს ვერჩი. ის, რაც დღეს ხდება ამ კადრებში, არის ჩვენი კოლეგების დამსახურება, ვინც უბრალოდ ხმას არ იღებს კი არა, ვინც უბრალოდ არ ლაპარაკობს სიმართლეს, საერთოდ არ ლაპარაკობს არაფერს და დუმილი არის ამ შემთხვევაში დანაშაული”, – თქვა გურამ როგავამ.