ბიზნესმენი, ტელეკომპანია იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე ფიქრობს, რომ სანქციები არ ემუქრება. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლების პოდკასტში ისაუბრა.
რუხაძეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან კონგრესიდან გაგზავნილ წერილზე ჰკითხეს, სადაც ჩამოთვლილია იმ ადამიანთა სახელები და გვარები, რომლებიც ქართულ ოცნებასთან პოლიტიკურად და ბიზნესის კუთხით დაკავშირებულები არიან. მათ შორის არის ირაკლი რუხაძეც.
ამასთან, რუხაძე ამბობს, რომ “სანქციები არ ახარებს” და უკრაინის მხრიდან მის სანქცირებაზე საუბრობს.
“რა თქმა უნდა, მე სანქციები არ მახარებს. მე თვითონ, მართალი რომ გითხრათ, არ მგონია, რომ სანქციები მემუქრება, შემიძლია, ვრცლად ავხსნა, რატომ არ მგონია, რომ მემუქრება, მაგრამ საერთოდ ამ სიტუაციაში რომ ვარ და ამ ფორმაში, ეს ძალიან არ მახარებს. მე დამასანქცირა უკრაინამ, საერთოდ, საინტერესო რაღაც არის ეს სანქციები.
მე დამასანქცირა უკრაინამ, რომელიც მე ძალიან მიყვარს და უზარმაზარი ბიზნესი მაქვს უკრაინაში აწყობილი და ვგიჟდები უკრაინაში სიარულზე, ყოველთვის მიყვარდა და წარმოუდგენელი ტრაგედია იყო ჩემთვის, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და როდესაც ჩემი მეგობრები მიგზავნიდნენ სურათებს, სახლის გვერდით რომ ბომბები იყო ჩამოცვენილი. მე რომ ეს ქვეყანა მასანქცირებს და მე რომ ჩემს მეგობრებს ბოდიში უნდა ვუხადო, ეს ჩემთვის არის მძიმე და უამრავი აქეთ მიხდიდა კიდევ ბოდიშს, სხვათა შორის, ჩემი უკრაინელი მეგობრები, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რა ხალხმა დამასანქცირა და რატომ”, – ამბობს ის.