აკ-ეარ ჯორჯიასთან შიდა ფრენების ხელშეკრულება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით გახანგძლივდა. კომპანიასა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები ძალაში პირველი იანვრიდან შევიდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ აკ-ეარ ჯორჯია ძველი პირობებით კიდევ 6 თვის განმავლობაში მოემსახურება შიდა ფრენებს. ავიაკომპანია მოემსახურება რეისებს ნატახტრიდან მესტიისა, ამბროლაურის, ბათუმის, ასევე მესტია-ქუთაისი-მესტიის ავიარეისებს და თბილისი-ბათუმი-თბილისის ავიარეისებს.
“აკეარ ჯორჯიას” ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი ირინა მღებრიშვილი “საქმის კურსთან” სტუმრობისას აცხადებს, რომ აეროპორტების გაერთიანება ახალ ტენდერს შიდა ფრენების შესრულებაზე 2025 წლის პირველ ნახევარში აანონსებს. მისი თქმით, გასულ წელს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც არ შედგა მათ მონაწილეობა არ მიიღეს იმის გამო რომ ფრენების თბილისიდან განხორციელების მოთხოვნა იყო, რაც მათ ინტერესში არ შედიოდა. მღებრიშვილი ამბობს, რომ ახალი ტენდერის მიმართ ინტერესი მზარდია, თუ ნატახტარის აეროპორტიდან ფრენების განხორციელების შესაძლებლობა იქნება. კომპანია ახალი ტენდერისთვის ემზადება და ახალი საჰაერო ხომალდის დამატებასაც გეგმავს.
“ჩვენ ჰოლდინგური კომპანია ვართ, ამ ჰოლდინგში შედის ავიაკომპანია, აეროპორტი, ტურისტული კომპანია და შესაბამისად, ჩვენი ინტერესი არის ნატახტრის აეროპორტის განვითარება, არამარტო ჩვენ რომ ვიფრინოთ, არამედ – სხვებმაც. ბევრი კერძო თვითმფრინავი გადმოვიდა და დაბაზირდა ნატახტრის აეროპორტში. ფიზიკური პირების ქონებაა ის უკვე და ჩვენთან აეროპორტში დგანან. შიდა ფრენებში არ უნდა იყვნენ მხოლოდ ეს მონსტრი თბილისის, ბათუმის აეროპორტი. როგორც მთელ მსოფლიოშია, შიდა ფრენებისთვის იყოს ნატახტრის აეროპორტი, რომელსაც საჰაერო ტრასების შიდა ფრენებში საუკეთესო ადგილი უჭირავს.
ჩვენი მხრიდან ტენდერში მონაწილეობის არ მიღების მიზეზი იყო, რომ ფრენების შესრულება იყო მოთხოვნილი მხოლოდ თბილისიდან და ალტერნატიულ აეროპორტს არ ითვალისწინებდა ტენდერი, ჩვენ არ გვქონდა თბილისიდან ფრენის ინტერესი.
პირობები ბევრი მიმართულებები იყო, იმედია ეს იქნება შენარჩუნებული, იმ ტენდერში, რომლის გამოცხადებასაც აეროპორტების გაერთიანება 2025 წლის პირველ ნახევარში აანონსებს. ჩვენ ვაპირებთ, რომ 1 საჰაერო ხომალდი დავიმატოთ. მთიან რეგიონებში ფრენებს ერთი ხომალდი ვეღარ აუვა, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, მეორე ხომალდის დამატებას. საწყის ეტაპზე ჩვენ და ჩვენი სუბკონტრაქტორი ჩეხური კომპანია ვიფრენთ და შეიძლება 3 ხომალდითაც შევიდეთ ტენდერში”, – განაცხადა ირინა მღებრიშვილმა.
აკ-ეარ ჯორჯიამ შიდა ფრენების განხორციელებაზე ტენდერში ჯერ კიდევ 2018 წელს გაიმარჯვა. როგორც ცნობილია, 2024 წლის მაისში შიდა ფრენებზე ორ ნაწილად გამოცხადებული 23.1 მლნ ლარის ტენდერი პრეტენდენტების არ არსებობის გამო ჩავარდა. მას შემდეგ ახალი ტენდერის გამოცხადება იგეგმება, თუმცა ამ დრომდე აეროპორტების გაერთიანებას შიდა ფრენების განხორციელებაზე შესყიდვა განახლებული პირობებით არ გამოუქვეყნებია.