„მე ვიტყოდი დიპლომატიური ომი გვაქვს გამოცხადებული დასავლეთისთვის. ბიზნესისთვის კი ომი არ არის მისაღები“

„დიპლომატიური ომი გვაქვს გამოცხადებული დასავლეთისთვის – ბიზნესგარემო არის ძალიან მძიმე, შენელებულია ტრანზაქციები,“ – ამის შესახებ „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორმა რესან ქიქავამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„არსებული მოცემულობა მიუღებელია და სასწრაფოდ რაღაც არის შესაცვლელი. ბიზნესს, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს რა თქმა უნდა გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია და ვიცით რა სურათიც არის ქვეყანაში. შენელებულია ტრანზაქციები და დროული რეაგირებაა საჭირო. სწორედ ეს განგაშის ზარის შემოკვრა არის ალბათ ბიზნესის პასუხისმგებლობა. პოლიტიკური კრიზისი რაც დღეს სახეზე გვაქვს, თუ დროულად არ გადაიჭრა, სავალალო შედეგებს გამოიწვევს, ამიტომ ყველას საქმე უნდა იყოს რომ ეს თავიდან ავირიდოთ.
არ მგონია, ვინმესთვის პრობლემა არ იყოს ის რაც დღეს ხდება საქართველოში. ბიზნესს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ ყველა ერთნაირად ვფიქრობთ, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა, უბრალოდ გამოსავალთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებული შეფასებები. ზოგი ფიქრობს რომ კრიზისი თავისით მოგვარდება და ცოტა დრო დასჭირდება, ნაწილს კი მიაჩნია რომ უფრო საგანგაშო ვითარება გვაქვს და უბრალოდ მოლოდინის რეჟიმში ეს პრობლემები ვერ გადაიჭრება.
მე ვიტყოდი დიპლომატიური ომი გვაქვს გამოცხადებული დასავლეთისთვის. ბიზნესისთვის კი ომი არ არის მისაღები. ნებისმიერი სახის რყევა, კრიზისი, პირდაპირ ურტყამს ბიზნესს, რაც შემდეგ ბუნებრივია აისახება ეკონომიკაზე და კონკრეტულ ადამიანებზე. ბიზნესგარემო არის ძალიან მძიმე, მიუხედავად იმისა რომ 2024 წელი იყო ძალიან კარგი და ეს რაღაც პერიოდის განმავლობაში კომპანიებს მისცემს საშუალებას გააგრძელონ ოპერირება, დანაზოგები ამის შესაძლებლობას იძლევა მაგრამ რაც უფრო დრო გავა, მით მეტად აღმოვჩნდებით გამოუვალ ვითარებაში,“ განაცხადა რესან ქიქავამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“.