პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლების განცხადებით, დირექტორმა დასაქმებულებს აცნობა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ. პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე თანამშრომლებმა – სალომე ნატროშვილმა, ნინი ლეჟავამ და მარიამ ჩაჩუამ თქვეს, რომ ეკატერინე ქარდავამ მიზეზად მათი საჯარო აქტიურობა დაასახელა.
“დირექტორის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ცენტრის ხუთი თანამშრომლის საჯარო აქტიურობას, რომელთაც ხელი მოაწერეს საჯარო მოხელეთა ერთობლივ განცხადებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგში არდაყენებასთან დაკავშირებით და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობის დაგმობის შესახებ.
ჩვენ მითითებულ ქმედებას ვაფასებთ როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული კეთილსინდისიერი თანამშომმლების მიმართ დაწყებული რეპრესიების მორიგ გამოვლინებას და საჯარო სექტორში დასაქმბეულ მოქმედ თანამშრომლებში შიშის დანერგვის მცდელობას.
აღნიშნულს მივიჩნევთ სისტემის მხრიდან საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა მიმართ განსხვავებული მოსაზრებების და სხვა პოლიტიკური ნიშნით დევნის და მარგინალიზაციის პროცესის დაწყების ღია აქტს, პარლამერნტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ.
ჩვენ გამოვიყენებთ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში არსებული სამართლებრივი დაცვის ყველა მექანიზმს და ვიბრძოლებთ საკუთარი და ჩვენი კოლეგების უფლებების დასაცავად, ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის ერთგულნი, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს” – განაცხადეს პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა.
ერთერთი დასაქმებულის, მარიამ ჩაჩუას თქმით, გარდა იმ საჯარო პეტიციისა, რომელსაც 5-მა თანამშრომელმა ხელი მოაწერა, ისინი ღიად საუბრობდნენ “რეპრესიული აქტის მავნე გავლენაზე საჯარო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა, საბოლოო წვეთი აღმოჩნდა რადიო თავისუფლებისთვის მიცემული ვრცელი ინტერვიუ”, რომელიც 20 იანვარს გამოქვეყნდა.
“ეს მოსალოდნელი იყო, თუმცა, სამწუხაროა, რომ იდევნებიან ის თანამშრომლებიც, რომლებიც არ აწერენ ღია განცხადებას ხელს და აგრძელებენ თავიანთ საქმეს…
თუნდაც ის ფორმა, რომ მიზეზად დაასახელეს ხუთი ადამიანი, ქმნის მტრის ხატს და, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას იწევს თანამშრომლებში, პირდაპირ დაგვადეს ხელი, რომ ჩვენ ვართ მიზეზი, რის გამოც მიიღეს გადაწტყვეტილება, ეს გვითხრეს თანამშრომლების თანდასწრებით სამუშაო შეხვედრაზე” – ამბობს ჩაჩუა და აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ცენტრის ლიკვიდაციის და გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ ჩაბარებიათ.
2024 წლის 28 ნოემბერს ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა. ასევე, ქართული ოცნების განცხადებით, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან”.
ირაკლი კობახიძის ამ განცხადების შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო. რუსთაველის გამზირზე დღეების განმავლობაში აკავებდნენ და სასტიკად სცემდნენ მოქალაქეებს. მათ შორის ჟურნალისტებს.
აქციების პარალელურად, საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა პროევროპული განცხადებები გაავრცელეს. სხვადასხვა საჯარო სამსახურის თანამშრომლები ხელს აწერდნენ პეტიციებს, რომლითაც გმობდნენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას და ერთგული რჩებოდნენ ევროინტეგრაციის კურსისადმი.