“დეკემბერში მესტიაში იყო ავიარეისები, როცა მხოლოდ 9 მგზავრი გვყავდა, ეს ისტორიას არ ახსოვს” – აკ-ეარ ჯორჯია

მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებში 2024 წელს მგზავრთნაკადი შემცირდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მესტიის აეროპორტში კლება 1%-ია, ამბროლაურში კი 16%. 2024 წელს მესტიის აეროპორტი 9 759 მგზავრს მოემსახურა და 333 ფრენა შესრულდა. ხოლო ამბროლაურის აეროპორტში გასულ წელს 129 ფრენა განხორციელდა და 1 825 მგზავრის გადაყვანა მოხდა.
“აკეარ ჯორჯიას” ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი ირინა მღებრიშვილი “საქმის კურსთან” სტუმრობისას აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, წლის ბოლოს შიდა ფრენებზე დატვირთულობა შემცირდა. მისი თქმით, ამ პერიოდში შემცირება განსაკუთრებით მესტიის მიმართულებას დაეტყო, სადაც დეკემბერში რეისებზე მაღალი მოთხოვნაა ხოლმე. მღებრიშვილი აცხადებს, რომ იკლო არარეზიდენტი მგზავრების რაოდენობამაც. მისი თქმით, თუ მესტიის მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები მგზავრობდნენ, წლის ბოლოს მათი რაოდენობა რეისზე 60%-მდე შემცირდა.
“საშუალოდ წლიური დატვირთვა, ამბროლაურის აეროპორტის მიმართულებით თითოეულ რეისზე 79% იყო, რაც გაზრდილი მაჩვენებელია. 2023 წელს რეისის საშუალო დატვირთულობა 74% იყო, თუმცა რეისების რაოდენობა იყო ნაკლები.
მესტიის მიმართულებით რეისების რაოდენობა თითქმის იგივეა, 333 რეისი იყო 2023 წელს, 2024 წელს 310 რეისი შესრულდა. საშუალო წლიური დატვირთვა მესტიაზე სტაბილურად 98%-ია, მაგრამ რაც შეეხება რეზიდენტების და არარეზიდენტი მოგზაურების ნაწილს ცვლილება არის. 2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ეს ჭრილი იცვლებოდა, რეზიდენტი მოგზაურების ზრდით, არარეზიდენტი მოგზაურები შემცირდა.
მაგალითად ქუთაისი-მესტია-ქუთაისის რეისზე, 95% არარეზიდენტი მგზავრები გვყავდნენ, აქაც კი მათი რაოდენობა 60%-მდე შემცირდა, რაც სერიოზული შემცირება იყო არარეზიდენტი მოგზაურების ნაწილში.
ჩემი დაკვირვებით, მესტიაში ზამთრის სასრიალო სეზონზე დატვირთვა, უფრო მეტად მოდის იანვარი, თებერვალი, მარტი. დეკემბერი ისეთი პერიოდია, რომ სვანეთში თოვლი ფორმირდება, სასრიალო ტრასები იღებს იმ სახეს რაც სჭირდებათ მოთხილამურე ტურისტებს, მაგრამ დეკემბერში მაინც ყოველთვის იყო დიდი დატვირთვა. წელს მაგალითად დეკემბერში ჩვენ გვაქვს მესტიის რეისების შესრულება, სადაც რეისზე იყო 9 მგზავრი, რაც ისტორიას არ ახსოვს. ეს ყველაფერი იმ რყევებს უკავშირდება, რაც ქვეყანაშია, გავლენა აქვს ტურისტულ სექტორზე. კომპანიისთვის არ იცვლება არაფერი, იგივე სიხშირეები დავფრინავთ, რა სიხშირითაც დავფრინავდით და უფრო მეტი იქნება სიხშირე”, – ამბობს “აკეარ ჯორჯიას” ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი ირინა მღებრიშვილი.