„მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებულები მოსამართლე ხუჯაძემ პატიმრობაში დატოვა

პოლიციისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებულები: დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიება წინასასამართლო სხდომაზე, დღეს 21 იანვარს გადაისინჯა.
პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო დავით ლომიძე. ბადრაგმა მოსამართლეს მისი წერილი წარუდგინა.
„უარს ვაცხადებ, ვინაიდან ჩემს უფლებებს დაიცავს ადვოკატი, რომელსაც სრულად ვენდობი“, – წერია წერილში.
ადვოკატის თქმით, დავით ლომიძემ პარასკევს, 17 თებერვალს შეატყობინა, რომ ვერ დგებოდა და ცუდად იყო, სტკიოდა ფეხი და ხერხემალი. მიზეზად დაკავების დღეს პოლიციელების მიერ მისი სასტიკად ცემა დაასახელა.
· გურამ ზასოხაშვილის ადვოკატმა, ირაკლი აბსანძემ ვერ დაინახა მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და ბრალდებულის 10 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლება და რისკების დასაზღვევად მისი შემზღუდავი მექანიზმები მოითხოვა.
· დავით ლომიძის ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმაც გირაო მოითხოვა: „თუ აქვთ შიში, რომ ბრალდებულები დანაშაულს ჩაიდენენ, სამწუხაროდ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შემთხვევაში ეს რისკი სახეზე აღარაა. ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გადაადგილდება. დღესაც ვერ მოვიდა პროცესზე. ასეთ პირობებში მისი პატიმრობის გაგრძელება დაუშვებელია“.
თუმცა მოსამართლე პროკურორს დაეთანხმა და დაკავებულები პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ გაითვალისწინა მუხლის სიმძიმე, ხასიათი, ობიექტი – პოლიციელი და მიიჩნია, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.
სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის დაკავების, გამოკითხვისა და ჩხრეკის ოქმების, ასევე ვიდეომტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვეს. მათი მტკიცებით, საგამოძიებო მოქმედებები დარღვევებით, ღამის საათებში ჩატარდა, რაც დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.
„გამოძიება ჩატარებულია არათანმიმდევრულად არაპროპორციულად, გამოძიება ჩატარებულია იმ მიზნით, რომ ადამიანი დაიჭირონ და არა იმისთვის, რომ სიმართლე იპოვონ“, – თქვა თეიმურაზ ზასოხაშვილის ადვოკატმა ირაკლი აბსანძემ.
დავით ლომიძის ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა ყურადღება გაამახვილა დაკავებულებისთვის დაცვის უფლების შეზღუდვაზე. მან თქვა, რომ სავარაუდო დანაშაულის ადგილზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები საქმესთან შემხებლობაში არ არის. მან პროცესზე წაიკითხა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ნივთების ჩამონათვალი:
· ერთი ცალი ლითონის დაზიანებული ფლაკონი;
· მუყაოს ფრაგმენტები ხელსახოცით და თოკით;
· ქილა დაზიანებული, მოწითალო სითხით;
· 10 რეზინის ბუშტი მოწითალო ლაქებით;
· ერთი ჩანთა ხუთი ქვით;
· საყვირის მსგავსი საგანი…
· სამი სავარაუდო პიროტექნიკა;
· სამი ცალი „პრეზერვატივი“ გაუხსნელი, ერთი ცალი გახსნილი, მხოლოდ ბუდე.
„სადაც რა იპოვეს გამომძიებლებმა ყველაფერი ჩაგვიყარეს საქმეში… ეს ყველაფერი ემსახურება საქმეში მტკიცებულებების გამრავლებას“, – თქვა დიმიტრი ვარდიაშვილმა.
პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა დაცვის მხარეს კვალიფიკაცია დაუწუნა და პასუხად თქვა, რომ ისინი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს არ იცნობენ:
„ანუ გამოძიებამ ღამე არ უნდა იმუშაოს – ამას გვეუბნება დაცვის მხარე?.. როცა არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, გამოძიებას არათუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულია ღამე იმუშაოს.
საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარებულიყო იმ დროს, როცა ჩატარდა, რადგან არსებობდა ნივთიერი მტკიცებულებების, კვალის, ინფორმაციის განადგურების საფრთხე“, – თქვა პროკურორმა.
ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებში, რომელზეც ჩანს „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, შეუძლებელია ბრალდებულების ამოცნობა.
„ვიდეოჩანაწერების ნახვის შემდეგ, ვერც ერთი ჭკუათმყოფელი ვერ დაინახავს ადამიანის სახეს, თუ ის მიკერძოებული არ არის“, – ამბობს ადვოკატი ირაკლი აბსანძე.
ადვოკატებისთვის სადაოა ბრალდებულის ამოცნობის ოქმი, სადაც „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის“ (გდდ-ს) თანამშრომელი აღნიშნავს, რომ ქართული არ იცის და თარჯიმანი სჭირდება, შემდეგ კი ხელს გარკვევით, ქართულ ენაზე აწერს.
ბრალდებულმა გურამ ზასოხაშვილმა თქვა, რომ გამოკითხვის ოქმს ხელი მოაწერა, რადგან პოლიციელის მონაყოლს დაეთანხმა, თუმცა თავად ვერ წაიკითხა, რადგან ნაცემი იყო და თვალები დასიებული ჰქონდა. მისი თქმით, საბოლოოდ, ოქმში მისი მონაყოლისგან განსხვავებული ტექსტი, აღიარებითი შინაარსის ჩვენება აღმოჩნდა.
საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა უარი განაცხადეს ამოცნობის პროცესში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც პროცესი ფოტოამოცნობით წარიმართა. ადვოკატები ამასაც სადავოდ ხდიან, რადგან ამოცნობის ოქმს მხოლოდ გამომძიებლის მინაწერი აქვს, ბრალდებულების მიერ გაცხადებულ უარზე.
დღევანდელ, 21 იანვრის სხდომაზე მოსამართლე ნატო ხუჯაძემ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, პროკურატურის – ყველა.
საქმის არსებითი განხილვა 4 თებერვალს 12:00-ზე დაიწყება.
თითქმის ორი თვეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი ს ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.
სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 45 ადამიანი.
ფორუმი