21 იანვარს, “Abzas Media-ს” საქმის სასამართლო სხდომის წინ, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” საერთაშორისო ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანში ჟურნალისტების დევნის საკითხზე.
“ახალი მოსმენა გაიმართება სამშაბათს, 21 იანვარს, “Abzas Media-ს” მთავარი რედაქტორის სევინჩ ვაგიფგიზი აბასოვას, ცნობილი როგორც სევინჩ ვაგიფგიზის, და კიდევ ხუთი ჟურნალისტის წინააღმდეგ, რომლებიც ამ აზერბაიჯანულ საინფორმაციო ვებ-გვერდზე მუშაობდნენ. ყველამ განაცხადა, რომ არ ცნობენ თავს დამნაშავედ მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებებში, რომლებიც აშკარად უსაფუძვლოა, მათ შორის “უცხოური ვალუტის კონტრაბანდის” საკითხი. ადვოკატების თქმით, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება. ჟურნალისტებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ,” – ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
“დაცვის ლეგიტიმური შუამდგომლობები, კერძოდ, საქმის დამატებითი გამოძიებისთვის გადაცემა, აღკვეთის ღონისძიების შინაპატიმრობით შეცვლა ან საგამოძიებო მასალებზე დართული ვიდეოჩანაწერების ადვოკატებისთვის გადაცემა, არ დაკმაყოფილდა, რამაც დაადასტურა პროცედურების თვითნებური ხასიათი,” – ხაზს უსვამს ორგანიზაცია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამი მოსამართლიდან ორი, რომლებიც აწარმოებენ საქმეს, წარსულში “Abzas Media-ს” მიერ გამოქვეყნებული გამოძიების ობიექტი იყო, რაც აჩვენებს მათ დამოკიდებულებას პოლიტიკურ ძალაუფლებაზე. კერძოდ, ერთ-ერთი მათგანი, რასიმ სადიხოვი, მონაწილეობდა უფლებადამცველ ინტიგამ ალიევის მსჯავრდებაში და ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივი დადასტურდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) განაჩენით 2018 წელს.
უფლებადამცველებმა აღნიშნეს, რომ სევინჩ ვაგიფგიზი პოლიციამ ბაქოს აეროპორტში სტამბოლიდან დაბრუნებისთანავე დააკავა 2023 წლის 21 ნოემბერს. “Abzas Media-ს” მთავარი რედაქტორი აზერბაიჯანში დაბრუნდა და იცოდა, რომ მას დააპატიმრებდნენ.
“წელიწადზე მეტია ის განიცდის საშინელ პირობებს გადატვირთულ, გაუნიავებელ საკნებში, მორალურ და ფიზიკურ ზეწოლას და პატიმრის უფლებების დარღვევას. ნათესავებთან სატელეფონო კონტაქტებისა და ვიზიტების აკრძალვა მხოლოდ დედამისის საჯარო პროტესტის შემდეგ მოიხსნა. მისი ოჯახის საბანკო ანგარიშები ასევე დაბლოკილი იყო ექვსი თვის განმავლობაში,”- აღნიშნავს ორგანიზაცია.
უფლებადამცველებმა აღნიშნეს, რომ ვაგიფგიზის დაპატიმრება სამშობლოში მისი დევნის კიდევ ერთი ეტაპია. კარიერის განმავლობაში იგი რამდენჯერმე დააკავეს, ხოლო 2015 წელს 5 წლით აეკრძალა ქვეყნიდან გასვლა – გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია.
“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ასევე აღნიშნავს, რომ “Abzas Media-ს” ჟურნალისტების დაკავებამ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო, სადაც ამჟამად გისოსებს მიღმა 20 დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელია. განცხადებაში ნათქვამია, რომ”Toplum TV-ს” ჟურნალისტის, ფარიდ ისმაილოვის დაკავება და მისი კოლეგის, ულვია ალის წინა დღით დაკითხვა დამოუკიდებელი მედიის მომავლის საგანგაშო პერსპექტივის დემონსტრირებას ახდენს.
2023 წლის ნოემბრიდან აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტების დაპატიმრებების სერია განხორციელდა და მსგავსი სცენარით რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.
