ტრამპის პირველი გადაწყვეტილებები პრეზიდენტის რანგში

დონალდ ტრამპმა -ის 47-ე პრეზიდენტის რანგში პირველ გადაწყვეტილებებს მოაწერა ხელი.
ტრამპმა შეიწყალა დაახლოებით 1 500 ადამიანი, რომელსაც ბრალი ედებოდა 2021 წლის 6 იანვარს, აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმაში და სასჯელი შეუმსუბუქა ულტრამემარჯვენე რადიკალური დაჯგუფებების (Proud Boys და Oath Keepers) ლიდერებს.
დონალდ ტრამპმა გააუქმა ბაიდენის დროის 78 აღმასრულებელი აქტი, მათ შორის, აღმასრულებელი ბრძანებები, რომლებიც ფედერალურ სააგენტოებს სქესობრივი დისკრიმინაციის შესახებ აკრძალვების გაგრძელებას ავალებდა; აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ეთიკის წესებზე ხელმოწერას სთხოვდა; ტრანსგენდერებს ჯარში მსახურების უფლებას აძლევდა; აშშ-ის მთავრობას აძლევდა უფლებას, სანქციები დაეწესებინა ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, ვინც დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებზე თავდასხმას ან ქონების წართმევას შეეცდებოდა.
უფლებამოსილების პირველ დღეს ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შორისაა:
· აშშ-ის გასვლა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან;
· ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) გასვლის პროცესის დაწყება;
· „საგანგებო მდგომარეობის“ გამოცხადება ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე, რაც აშშ-ის ჯარების სამხრეთ საზღვარზე გაგზავნას ითვალისწინებს;
· აშშ-ში დაბადებულთათვის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების გაუქმება. თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს ბრძანება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ის კონსტიტუციასთან, სამართლებრივი დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდება;
· ნარკოკარტელების უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადება;
· ორი ბიოლოგიური სქესის განსაზღვრა და მრავალფეროვნების პროგრამების შეჩერება;
· ბრძანება ფედერალურ მთავრობისადმი, აღადგინოს სიტყვის თავისუფლება და ხელი შეუშალოს ცენზურას;
· მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნა, რომელიც არის საკონსულტაციო საბჭო და არა ოფიციალური სამთავრობო დეპარტამენტი. მას ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი უხელმძღვანელებენ;
· TikTok-ის აკრძალვის აღსრულების 75 დღით გადავადება;
· მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევა და დენალის მთისთვის ძველი სახელის, მაკკინლის მთის დაბრუნება.