„ქართულ ოცნებას“ შემიძლია პირდაპირ და ღიად ვუთხრა აქედან, რომ 20 იანვართან დაკავშირებული ცრუ მოლოდინები საბოლოოდ დაიმსხვრევა და მათ მოუწევთ, რომ ანგარიში გაუწიონ ქართველ ხალხს, რომელსაც სრული მხარდაჭერა ექნება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, – ამის შესახებ „სტრატეგი აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განმარტა, ძალიან ცუდად ექნებათ საქმე აშშ-ის მტრებს და მათთან მეგობრობაში მყოფ ჯგუფებს, მათ შორის „ქართული ოცნებას“.
„მართლაც ბევრი რამ შეიცვლება მსოფლიოში, – დღევანდელ გამოსვლას შეიძლება ეს ვუწოდოთ. ძალიან ცუდად ექნებათ საქმე აშშ-ის მტრებს და მათთან მეგობრობაში მყოფ ადამიანებს, სხვადასხვა ჯგუფებს, როგორიც არის მათ შორის „ქართული ოცნება“. რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ეს არის ის სახელმწიფოები, რომლებთანაც სტრატეგიული თანამშრომლობა შეუთავსებელია აშშ-სთან თანამშრომლობის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო.
რაც შეეხება ჩვენს საკითხს. მივესალმები, რომ მრავალრიცხოვანია დელეგაციები საქართველოდან იმიტომ, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ხმა გააგონოს ამერიკელ პარტნიორებს. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა შეხვედრაზე, სადაც ვარ, ძალიან აქტიურად განიხილება საქართველოს საკითხი. „ქართულ ოცნებას“ შემიძლია პირდაპირ და ღიად ვუთხრა აქედან, რომ 20 იანვართან დაკავშირებული ცრუ მოლოდინები საბოლოოდ დაიმსხვრევა და მათ მოუწევთ, რომ ანგარიში გაუწიონ ქართველ ხალხს, რომელსაც სრული მხარდაჭერა ექნება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. უნდა ელოდონ სანქციებს, უნდა ელოდონ ძალიან ბევრ თავის ტკივილს ყველა ის ადამიანი, ვინც დემოკრატიას ხელყოფს, აყალბებს ხალხის ნებას, ვისაც უნდა, რომ საქართველო რუსეთისკენ წაიყვანოს.
მხარდაჭერა პირველ რიგში იმიტომ, გვექნება, რომ საქართველოში ხალხი ისეთ პროტესტს გამოხატავს, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს. ყველამ იცის პოლიტპატიმრების რეკორდული რაოდენობის შესახებ საქართველოში და რომ ისინი გასათავისუფლებელია. ბევრი ამბობდა, რომ დიდი დრო დაჭირდება, სანამ ახალი ადმინისტრაცია ამოიქოქება, მაგრამ ახალი ადმინისტრაცია ძალიან მალე ამოიქოქება, ეს შემიძლია ძალიან მკაფიოდ ვთქვა და ასევე, ძალიან სწრაფად იქნება ყველაფერი რეალიზებული“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.