ჭადრაკის ფედერაცია – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო ყრილობამ ფედერაციის 2024 წლის მუშაობა წარმატებულად შეაფასა

18 იანვარს, სასტუმრო ’’ბილთმორში’’ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო ყრილობა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა თავის მოხსენებაში ისაუბრა ფედერაციის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე.
მათივე ცნობით, ფედერაციის მეცადინეობით ითარგმნა და ქართულ რეალობაში გამოჩნდა მსოფლიოში საუკეთესო ჭადრაკის სწავლების მეთოდიკა. აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს სპორტის სამინისტროსა და “პაშა ბანკის” მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ბათუმში გაიმართა მწვრთნელთა პირველი ეროვნული ფორუმი დევიზით ’’ხარისხიანი განათლება წარმატების საწინდარია’’, რომელსაც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტის 140 წამყვანი მწვრთნელი დაესწრო.
ფედერაციის პრეზიდენტმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლის სრული რეაბილიტაციის პროცესს. სულ რაღაც ერთ წელიწადში თბილისის ცენტრს დაამშვენებს მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი ჭადრაკის სასახლე, რომელიც იქნება ქართული სპორტისა და კულტურის წარმატებისა და მდგრადობის განსახიერება. რეაბილიტაცია ტარდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.
2024 წელს საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა ფიდე-ს 100 წლისადმი მიძღვნილი ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება: ფიდეს ქალთა გრან პრის პირველი ეტაპი და ფიდეს მსოფლიო თასი (U08;U10;U12).
უმნიშვნელოვანესია, რომ 2024 წელს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ხელშეკრულება გააფორმა ახალ სპონსორთან პაშა ბანკთან, რომელიც ფედერაციას მხარს დაუჭერს სხვადასხვა მიმართულებით.
რეგიონებისადმი მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ რეგიონულ ფედერაციებს გადასცა ყველაზე თანამედროვე ჰოლანდიური DGT 2500 ის 460 ელექტრონული საათი და 315 ჭადრაკის კომპლექტი.
2025 წელს სპორტულ წარმატებებთან და საერთაშორისო ტურნირების ორგანიზებასთან ერთად ფედერაციის პრიორიტეტად დარჩება ჭადრაკის სწავლების თანამედროვე მეთოდიკის გრძელვადიანი პროექტის საბოლოო დანერგვა.
ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა ისაუბრა მსოფლიო საჭადრაკო ორგანიზაციაში მის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე, სადაც ის განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორის პოსტზე მოღვაწეობს.
ამავე ცნობით, 2024 წელს ’’ფიდეს’’ 100 წლის იუბილე მთელ საჭადრაკო სამყაროში საზეიმოდ აღინიშნა, მათგან გამორჩეული იყო საქართველოში ჩატარებული ღონისძიება.
„ყრილობაზე გამომსვლელებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საქმიანობის ეფექტურობა ახალი ინიციატივებისა და პროექტების მნიშვნელობა და მიღწეული წარმატებები 2024 წელს.
მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა, ნონა გაფრინდაშვილი: ’’მოჭადრაკეებისათვის შექმნილია იდეალური პირობები სათამაშოდ და სავარჯიშოდ. მსგავსი ხელშეწყობა არ მახსოვს ქართულ ჭადრაკში’’.
ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა, ზურაბ აზმაიფარაშვილმა ფედერაციის პრეზიდენტის, აკაკი იაშვილის მოღვაწეობა ქართულ და მსოფლიო ჭადრაკში წარმატებულად მოიხსენია. ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო საჭადრაკო ოჯახში და ერთ-ერთ წამყვან ფედერაციად ითვლება.
ქართული ქალთა ჭადრაკის ლიდერმა ნანა ძაგნიძემ, მადლობა გადაუხადა ფედერაციას მხარდაჭერისა და მოჭადრაკეებისათვის იდეალური პირობების შექმნისათვის.
ყრილობაზე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გაწეული ძალისხმევა და მიღწეული შედეგების მნიშვნელობა ქართული ჭადრაკის განვითარებაში, წარმატებულად შეფასდა.
ყრილობის მიწურულს გაიმართა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2024 წლის ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოება”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.