თემქაზე დაკავებული რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა თემქაზე დაკავებული რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

მას ედავებოდა ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე, პოლიციელის დაუმორჩილებლობის მუხლისა და 174-ე პრიმა, აქციაზე სახის დაფარვის აკრძალვის მუხლის დარღვევას.

შსს-ს წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციაზე გურამ მაცხონაშვილს სახე ჰქონდა დაფარული. პოლიციელის არაერთ მოწოდებას, მოეხსნა ნიღაბი, ის არ დაემორჩილა.

შსს-ს პოზიციის გასამყარებლად სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხეს პოლიციელები გიორგი ტაბატაძე და ამირან ლევიძე. გამოიკვლიეს ვიდეომტკიცებულებები.

მოწმეების თქმით, გურამ მაცხონაშვილი არ დაემორჩილა პოლიციელების რამდენიმე მოთხოვნას, მოეხსნა ნიღაბი, შესაბამისად, ვერ მოხდა მისი იდენტიფიცირება. ასევე მოწმე გიორგი ტაბატაძის თქმით, გურამ მაცხონაშვილმა ჩამოიწია ნიღაბი და პოლიციელს უთხრა, რომ არ ემორჩილებოდა.

ორივე მოწმე პოლიციელმა აღნიშნა, რომ იდენტიფიცირების მიზნით არც ერთ მათგანს არ უკითხავს გურამ მაცხონაშვილისთვის ვინაობა, ასევე მათ არ მოუწოდებიათ, მოეხსნა ნიღაბი.

შსს-ს საპასუხოდ ადვოკატმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ნიღბების უპირობო, ბლანკეტურ აკრძალვას დაუმორჩილებლობის პერფომანსით აპროტესტებდნენ და გურამ მაცხონაშვილის მიერ გამოყენებული პირბადე გამოხატვის აუცილებელი კომპონენტი იყო. მან ვრცლად ისაუბრა ნიღბის ბლანკეტური აკრძალვის პრაქტიკის პრობლემურობაზე.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებდნენ ზუგდიდელ ქალ აქტივისტებს.

ადვოკატ მარიამ პატარიძის თქმით, გურამ მაცხონაშვილმა აქციაზე ნიღაბი რამდენჯერმე ჩამოიწია და პოლიციას მისი იდენტიფიცირების საშუალება ჰქონდა.

დაცვის მხარის მოწმეების თქმით, მაცხონაშვილი პოლიციის ყველა მოთხოვნას დაემორჩილა, მოიხსნა ნიღაბი და მათ უთხრა სახელი და გვარი. მოწმეებმა ასევე აღწერეს, რომ გურამ მაცხონაშვილი და მასთან ერთად აქციის 5 წევრი ძალის გამოყენებით დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ადვოკატმა მაცხონაშვილის დაკავების კანონიერების შემოწმებაც მოითხოვა, თუმცა შუამდგომლობას მოსამართლე არ დაეთანხმა.

თავად გურამ მაცხონაშვილმა სასამართლოში განაცხადა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ჩემთვის არის არალეგიტიმური წარმომადგენელი, იმიტომ, რომ არ ვაღიარებ ამ პარლამენტს, შესაბამისად, არ ვაღიარებ ამ პარლამენტის მიერ დანიშნულ მინისტრებს. მე არ შემეძლო ნიღბის მოხსნა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი იქ ყოფნის საფუძველი სწორედ ეს იყო. თუ გავყვებით პოლიციელების ქცევის ლოგიკას, მათი თხოვნა იყო, რომ მომეხსნა, რომ ვყოფილიყავი იდენტიფიცირებად, რამდენჯერმე მოვიხსენი, სახელი და გვარიც ვუთხარი. ამან შეიძინა სიმბოლური მნიშვნელობა,როცა ამისი დრო და ადგილი იყო, პოლიციის განყოფილებასთან, განზრახ გავიკეთე თავსახვევი. […] ზუსტად იმავეს გავაკეთებდი ანალოგიურ სიტუაციაში, იმიტომ, რომ მნიშნელოვანია თანმიმდევრულობა ჩვენი მხრიდან”.


 

გურამ მაცხონაშვილი თემქაზე გამართულ აქციაზე 18 იანვარს დააკავეს.