„უვიზო რეჟიმი საქართველოს დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის“ – ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლები 24 იანვარს ევროკავშირის საბჭოსთვის დასამტკიცებლად რეზოლუციას შეათანხმებენ
ცნობისთვის, 20 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადება გამოთქვა.
„ეს მკაფიო სიგნალს უგზავნის საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ არ შეუძლიათ ოპოზიციის ხმების ჩახშობა ან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა უშედეგოდ“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში კაია კალასმა განცხადებაში.
ევროკომისიამ განმარტა, რომ თუ ევროკავშირის საბჭო მიიღებს წინადადებას, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები, დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში მოგზაურობისთვის მოკლე პერიოდის განმავლობაში, 90 დღემდე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.