საია – ჩვენებაში ირაკლი დგებუაძე აღწერს, რომ მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად ლოყასა და ყურზე აღენიშნებოდა სიწითლე და განიცადა ტკივილი – მხოლოდ აღქმებით დადასტურებული ფიზიკური ტკივილი თავდასხმის დეფინიციაში არ ჯდება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოითხოვს, პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ საქმე.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ჟურნალისტის პატიმრობა და მისი სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა და ატარებს პოლიტიკური რეპრესიის სახეს.
როგორც საია-ს თავმჯდომარემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მზია ამაღლობელის საქმეში სახეზეა არაერთი დარღვევა.
„მზია ამაღლობელის საქმეში სახეზეა არაერთი დარღვევა. მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას ადასტურებს ადმინისტრაციული წესით თვითნებური დაკავება. 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში შეკრებილი აქტივისტები ატარებდნენ საპროტესტო აქციას და აკრავდნენ სტიკერებს წარწერით – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. აქციის მიმდინარეობისას, პოლიციამ დაიწყო აქციის მონაწილეების თვითნებური დაკავება. როდესაც მზია ამაღლობელმა შეიტყო, რომ მისი კოლეგა, ციალა ქათამაძე დააკავეს, თავადაც მივიდა აქციის მიმდინარეობის ადგილას და ერთ-ერთ პირს გამოართვა სტიკერი, რომელიც გაშალა კედელზე. სწორედ ამ დროს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება. დაკავებიდან დაახლოებით ერთ საათში ხელწერილის საფუძველზე მზია ამაღლობელი გაათავისუფლეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, როდესაც პოლიციელი უფლებამოსილია პირი დააკავოს. საპროტესტო სტიკერის გაკვრა, რომლის მოცილება არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ძალისხმევასთან ან რესურსებთან, არ წარმოადგენს სამართალდარღვევას. იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ქმედება იერსახის დამახინჯებად შეფასდებოდა, -ს თანამშრომელს არ აქვს ამ ქმედებისათვის პირის დაკავების უფლებამოსილება. უწყებას იმისათვის, რომ გაემართლებინა თვითნებური დაკავება, დაკავების ოქმი პოლიციამ შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, თუმცა, ამ დრომდე არ არის შედგენილი უშუალოდ არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და არც სასამართლოს დაუდასტურებია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. მიუხედავად ამისა, ეს გარემოება პროკურატურამ და ს საქალაქო სასამართლომ გამოიყენეს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეში.
ხელწერილით გათავისუფლების შემდგომ, მზია ამაღლობელმა დატოვა პოლიციის განყოფილების შენობა და ეზოში აღმოჩნდა პოლიციელების კორდონის მხარეს, აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოს გარეთ განაგრძობდნენ პროტესტს. მზია ამაღლობელმა შენიშნა, რომ მისი კოლეგა იმყოფებოდა პოლიციის გარემოცვაში და სურდა მასთან მიახლოება. ჩოჩქოლში ის წაიქცა და რამდენჯერმე მას ფეხი დააბიჯეს სხეულზე. წამოყენების შემდგომ, მან შეძლო კოლეგასთან მისვლა და როგორც გაარკვია, მისი დაკავების პერიოდში პოლიცია კვლავ განაგრძობდა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ უკანონო ქმედებებს, მათ შორის, თვითნებურ დაკავებას. მას შემდგომ, რაც მისი გაშლილი ხელი სახეზე მოხვდა ირაკლი დგებუაძეს, მზია ამაღლობელი დააკავეს სისხლის სამართლის წესით. სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ მის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. პოლიციის შენობაში შეყვანამდე, ეზოში, ირაკლი დგებუაძემ მას არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ საქმეს სისხლის სამართლის წესით დაიწყებდა. დგებუაძემ განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა. პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ოთახში ერთ-ერთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. მზია ამაღლობელი პერიოდულად ითხოვდა ადვოკატებთან დაკავშირებას, თუმცა, მისი მოთხოვნა იგნორირებული იყო. პარალელურად, ადვოკატები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და მზია ამაღლობელთან შეხვედრას.
12 იანვარს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეცნობა მომხდარის შესახებ, რაც საკმარისი საფუძველია გამოძიების დასაწყებად. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების დაწყების ნაცვლად, ე.წ. მოკვლევის პროცესი დაიწყო, რომელიც არ წარმოადგენს საპროცესო მოქმედებას. მოკვლევის ფარგლებში, 15 იანვარს, მზია ამაღლობელმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის შესახებ. სამსახურმა მხოლოდ საია-ს მიერ ოფიციალური განცხადების შეტანის შემდეგ, დღეს, 20 იანვარს სატელეფონო საუბრისას დაადასტურა გამოძიების დაწყება. ამ დროისათვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მზია ამაღლობელისთვის არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი. პროკურატურამ მზია ამაღლობელს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 3531მუხლის 1-ლი ნაწილით. ამ მუხლით ისჯება პოლიციელზე ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა, რაც დაკავშირებული უნდა იყოს სამსახურებრივ საქმიანობასთან. იმისათვის, რომ ქმედება ამ მუხლად დაკვალიფიცირდეს, სახეზე უნდა იყოს ამ მუხლისათვის დამახასიათებელი საკვანძო გარემოებები: თავდასხმა – როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი; თავდასხმის განხორციელება პირდაპირი განზრახვით; თავდასხმის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან. მზია ამაღლობელის ქმედება – გაშლილი ხელი, რომელიც ირაკლი დგებუაძის სახეზე ხვდება, არცერთ ამ ელემენტს არ მოიცავს. თავად ირაკლი დგებუაძის განმარტებებიც კი, რომელიც ამ საქმეზე მან თავად მისცა გამოძიებას, არ ადასტურებს 3531 მუხლის კვალიფიკაციას. როგორც ის აღწერს, მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად მარჯვენა ლოყაზე და მარჯვენა ყურზე აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ტკივილი. მხოლოდ აღქმებით დადასტურებული ფიზიკური ტკივილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, თავდასხმის დეფინიციაში არ ჯდება. ამასთან, მზია ამაღლობელის ქმედებას, არ შეეძლო ფიზიკური ტკივილის გამოწვევაც კი, რაც გამორიცხავს სისხლის სამართლის ბრალდებას არამარტო ამ მუხლით, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის სხვა, უფრო მსუბუქი მუხლებითაც. ამდენად, მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი ბრალდება ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს“, – განმარტავენ საია-ში.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”, ასევე, მოსამართლის კვალიფიკაციის საკითხს ეჭვქვეშ აყენებენ.
„ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა ჩაატარა და მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მას მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაბარებული აქვს სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 2022 წელს ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის საქმიანობას შეუდგა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. ამავე საიტზე არ იძებნება ინფორმაცია, როდის მოხდა მისთვის კოლეგიის შეცვლა და როდიდან იხილავს სისხლის სამართლის საქმეებს. იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მას შეეცვალა კოლეგია, ეს ადასტურებს იმ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც მოსამართლეებისათვის კოლეგიების განსაზღვრა ხდება ისე, რომ არ არის გათვალისწინებული რა მიმართულებით აქვთ მათ ჩაბარებული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები. ეს პრაქტიკა შესაძლოა შეფასდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევადაც.
არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მოვითხოვთ პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე; მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან; სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები და დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა; ირაკლი დგებუაძეს გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება“, -აცხადებენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“.
ამასთან, როგორც ნონა ქურდოვანემ განმარტა, თუ მზია ამაღლობელის საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.