საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელს პროკურატურა ედავება, არ არის ის მუხლი, რომლითაც მისი ქმედება შეიძლება დაისაჯოს.
ქურდოვანიძის თქმით, თავად დგებუაძეს ჩვენებაში უწერია, რომ “დარტყმის შედეგად მარჯვენა ლოყასა და ყურში აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ფიზიკური ტკივილი” – უფლებადამცველის შეფასებით, ე.წ დაზარალებულის მიერ ეპიზოდი აღწერა, არ იძლევა წარდგენილი მუხლის შემადგენლობას.
გარდა ამისა, ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი შიმშილობს, იღებს მხოლოდ წყალს და ამ ფორმით აგრძელებს ბრძოლას.
“მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელს ედავება პროკურატურა, არ არის ის მუხლი, რომლითაც ის ქმედება შეიძლება დაისაჯოს, რისთვისაც ახლა მას სჯიან. 353-ე პრიმა მუხლი, თავისთავში აერთიანებს რამდენიმე ელემენტს, რომელიც სახეზე უნდა იყოს ერთობლივად. ესაა – თავდასხმა, როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი და აგრესიული აქტი, თავდასხმის განხორციელება უნდა იყოს პირდაპირი განზრახვით და თავდასხმის მიზანი უნდა იყოს დაკავშირებული პოლიციის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან და ამ საქმეში გაშლილი ხელი, რომელიც ირაკლი დგებუაძის სახეზე ხვდება არცერთ ელემენტს არ მოიცავს. თავად დგებუაძის განმარტებებიც კი, რომელიც ამ საქმეზე მან თავად მისცა გამოძიებას, არ ადასტურებს 353-ე პრიმა მუხლის კვალიფიკაციას.
როგორც ის აღწერს, მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად მარჯვენა ლოყასა და ყურში აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ფიზიკური ტკივილი. მხოლოდ აღქმებით დადასტურებული ფიზიკური ტკივილი სასამართლო პრაქტიკის დეფინიციაში არ ჯდება და შესაბამისად, ის, როგორც თვითონ ე.წ დაზარალებულმა ეპიზოდი აღწერა, არ იძლევა 353-ე პრიმა მუხლის შემადგენლობას და თავიდანვე ამ ქმედების კვალიფიცირება წარმოადგენდა უკანონობას და ესაა პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი მახასიათებელი”- თქვა ქურდვანიძემ.