ქართული ოცნების ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ცდილობს, განმარტოს, რატომ არ მონაწილეობს საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმში.
16 იანვარს ფორმულამ ქართული ოცნების მთავრობის პრესსამსახურში დააზუსტა, არ მიიწვიეს თუ თავად არ მიდიან საქართველოდან დელეგაციის წევრები, რაზეც პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მოწვევა არ მიუღიათ. დღეს დავითაშვილი ირწმუნება, რომ ეკონომიკურ ფორუმში თავად არ იღებენ მონაწილეობას.
“დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე არ მიიღო საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ მონაწილეობა იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წელს ეს შეიძლება, არ ყოფილიყო ყველაზე უფრო მთავარი პრიორიტეტი. […]
ჩვენ ყოველ ჯერზე, როდესაც ვმონაწილეობდით, ჩვენი გადაწყვეტილება იყო და ვესწრებოდით ფორუმს. ფორუმის ფორმატში გვქონდა შეხვედრებიც. წელს შეიძლება ეს არ ყოფილიყო მაქსიმალურად პროდუქტიული და წელს შეიძლება სხვა პრიორიტეტი გვქონდეს, ვითარებიდან გამომდინარე”- თქვა დავითაშვილმა.